ას-328-583-08 19 მაისი, 2008წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლალი ლაზარაშვილი, ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს “ს-ა”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
20..წ. .. თებერვალს შპს “ვ-ას” დირექტორმა გ.ნ-შვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს “ს-ის” მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა და მოპასუხისათვის უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის, ლარის, დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 20..წ. .. სექტემბერს შპს “ვ-ასა” და მოპასუხეს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ძალითაც საწარმომ შპს “ს-ისათვის” 20..წ. .. დეკემბრამდე, გრაფიკის შესაბამისად, 4 108 822 ლარის ღირებულების სალიანდაგო ზედნაშენი მასალის მიწოდების ვალდებულება იკისრა. ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობა საგარანტიო თანხის დაუბრუნებლობას იწვევდა. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბული ვითარების გამო, შპს “ვ-ას” პარტნიორმა მათთან ხელშეკრულება გაწყვიტა და ამ მიზეზით ვალდებულების შესრულება შეფერხდა. საქართველოს სავაჭრო პალატამ დაადასტურა, რომ მხარეთათვის აღნიშნული გარემოება ფორსმაჟორულად ითვლებოდა. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხემ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით წარდგენილი გარანტიის ნაწილი სს “გ-იდან” გამოითხოვა, რაც უკანონო იყო, რადგანაც ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევდა საჯარიმო სანქციების გამოყენებას და ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან ვალდებულებების შეუსრულებლობა ფორსმაჟორული გარემოების შედეგი იყო. მოსარჩელის აზრით, შპს “ს-ა” უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 20..წ. . ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “ვ-ას” სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “ს-ას” 301 532 ლარის, ასევე სასამართლო ხარჯების გადახდა დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შპს “ს-ამ” სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . თებერვლის განჩინებით აპელანტ შპს “ს-ას” ხარვეზი დაუდგინდა და 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 7000 ლარის გადახდა დაევალა.
იმავე პალატის 20..წ. .. მარტის განჩინებით შპს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეს ხარვეზის განჩინება 20.. წ. .. თებერვალს ჩაჰბარდა და მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
20..წ. .. მარტს შპს “ს-ამ” საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას კერძო საჩივრით მიმართა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, შპს “ს-ამ” სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლამდე, 20..წ. .. თებერვალს გადაიხადა, გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით კი, ხარვეზის შევსებად სწორედ ბაჟის გადახდა იყო მიჩნეული, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ. .. აპრილის განჩინებით შპს “ს-ის” წარმომადგენელ თ.კ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
20..წ. .. აპრილს შპს “ვ-ას” დირექტორმა გ.ნ-შვილმა კერძო საჩივარზე წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგანაც შპს “ს-ას” სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია. რაც შეეხება კერძო საჩივარზე დართულ ქვითარს, აღნიშნულით შპს “ს-ამ” სახელმწიფო ბაჟი პირველი ინსტანციის სასამართლოში შეტანილ სარჩელზე გადაიხადა და არა სააპელაციო საჩივარზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით შპს “ს-ის” წარმომადგენელმა თ.კ-ძემ წერილობითი ახსნა-განმარტება წარმოადგინა და აღნიშნა, რომ კერძო საჩივარზე თანდართულ 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს კავშირი არ ჰქონდა შპს “ს-ის” სარჩელთან. შპს “ს-ამ” თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს “ვ-ას” მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის, 266 237 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელეს დაუდგინდა ხარვეზი და დავის საგნის ღირებულების 3%-ის – 7987,11 ლარის გადახდა დაევალა. შპს “ს-ამ” ხარვეზი დროულად გამოასწორა და 20.. წ. ..ოქტომბერს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რის შემდეგაც, 20.. წ. .. ოქტომბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ შპს “ს-ის” სარჩელი წარმოებაში მიიღო. ამასთან, მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალური ოდენობაა 5 000 ლარი, მას კი, კერძო საჩივარზე თანდართული ქვითრის მიხედვით, 7 000 ლარი აქვს გადახდილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შპს “ს-ის” წარმომადგენელ თ.კ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
სააკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ ხარვეზის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად უნდა განსაზღვროს ის საპროცესო მოქმედება, რომლის შესრულების შედეგადაც ხარვეზი შევსებულად ჩაითვლება. როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილიდან ირკვევა, შპს “ს-ას” განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალა, მართალია, აღნიშნული განჩინების სამოტივაციო ნაწილში არის მსჯელობა იმის შესახებ, რომ მხარემ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარმოადგინოს, მაგრამ, ვინაიდან კონკრეტული მოქმედების შესრულების ვალდებულებას გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო და არა სამოტივაციო ნაწილი წარმოშობს, ხარვეზის შესავსებად აუცილებელი მოთხოვნის შესახებ სწორედ ამ ნაწილში უნდა იყოს აღნიშნული.
საქმის მასალებით ირკვევა (ს.ფ. 141), რომ ხარვეზის განჩინება მხარეს 20..წ. .. თებერვალს ჩაჰბარდა, ხოლო სახელმწიფო ბაჟი, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე, 20..წ. 15 თებერვალსაა გადახდილი (ს.ფ. 151).
ვინაიდან ხარვეზის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავდა მითითებას იმის შესახებ, რომ მხარეს სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარმოედგინა, სააპელაციო სასამართლოს მტკიცება, დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შესახებ, უსაფუძვლოა.
რაც შეეხება შპს “ვ-ას” დირექტორის მტკიცებას, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სახელმწიფო ბაჟი შპს “ს-ის” სარჩელზე გადაიხადა და არა სააპელაციო საჩივარზე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. კერძო საჩივარზე თანდართული ქვითარი ადასტურებს, რომ თანხა - 7 000 ლარი გადახდილია 20..წ. 15 თებერვალს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა.ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს. საპროცესო მოქმედების შესრულების დროს აღნიშნული ნორმა ძალაში იყო, ამდენად, შეუძლებელია მხარეს 20..წ. 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელზე 7 000 ლარი გადაეხადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ს-ის” წარმომადგენელ თ.კ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განჩინება და საქმე შპს “ს-ის” სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე პალატას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.