Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №214აპ-17 ქ. თბილისი

ბ-ი ზ, 214აპ-17 20 სექტემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ბ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენით ზ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 24 ივნისიდან.

განაჩენით ზ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 14:45 საათზე, ზ. ბ-ა თ-ი, წ-ს ქუჩის N-ში განთავსებული ყოფილი სასტუმრო ,,ბ-ს’’ მიმდებარე პარკში, შურისძიების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ნ. ჭ-ს მოკვლის განზრახვით, დანით გულმკერდის არეში მიაყენა სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ. ბ-ა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ფ-ა. მათ ითხოვეს განაჩენის გაუქმება და ზ. ბ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა; სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლში გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე და იშუამდგომლეს ზ. ბ-ს ქმედების სსკ-ის 113-ე მუხლით დაკვალიფიცირება.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ მიიჩნია, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ. ბ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ზ. ბ-ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და მას პირველად ნ. ჭ-მ დაარტყა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზ. ბ-ს დანაშაულებრივი ქმედების - მკვლელობის წინასწარგანზრახულობა დასტურდება დანაშაულამდე მის მიერ ჩადენილი ქმედებებით (მან ნ. ჭ-ა დაიბარა ბაღში; შეხვედრისას მას თან ჰქონდა სახლიდან წამოღებული დანა), ასევე ნ. ჭ-ს მიყენებული დაზიანების ხარისხითა და ლოკალიზაციით, კერძოდ, დაზარალებულს მიყენებული აქვს დაზიანებები სიცოცხლისათვის სახიფათო მიდამოში (იხ.სამედიცინო ექსპერტიზის ... დასკვნა).

ცნობილია, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, კერძოდ, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ; ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, საჭიროა, დადგინდეს დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის, შეგნებული დაშვება, ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამ დანაშაულის ჩადენის მოტივს წარმოადგენდა ის უთანხმოება, რაც არსებობდა ზ. ბ-ა და ნ. ჭ-ს შორის. უდავო მტკიცებულებებად მიჩნეული მოწმეთა ჩვენებებით (რ. ღ-ს, ჯ. ფ-ს, ე. ვ-ს ჩვენებები) დასტურდება, რომ ნ. ჭ-ა და ზ. ბ-ს შორის არსებული უთანხმოება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ასევე შეიძლება დავასკვნათ, რომ დაპირისპირების მომენტში ზ. ბ-ი მოქმედებდა ნ. ჭ-ს მკვლელობის განზრახვით; დანაშაულის იარაღად მან გამოიყენა თანნაქონი დანა, რითაც დაზარალებულს სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან ადგილზე - გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა გულის დაზიანებით, რასაც შედეგად მოჰყვა ნ. ჭ-ს სიკვდილი. სწორედ მოვლენათა ასეთი განვითარება და დამდგარი შედეგი იძლევა იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ ზ. ბ-ა ჩაიდინა ნ. ჭ-ს განზრახ მკვლელობა. არც ერთი მტკიცებულებიდან არ დგინდება, რომ ნ. ჭ-ნ ფიზიკური დაპირისპირების დროს ზ. ბ-ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და მან მკვლელობა ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.

სიცოცხლის უფლება, როგორც უმნიშვნელოვანესი, არის ის პირველადი მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომელსაც განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით იცავს როგორც საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლი წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ყველაზე ფუძემდებლურ დებულებას და ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფასეულობას. ამიტომაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს. საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულია სიცოცხლის უფლება და მშვიდობიან პირობებში მისი შელახვის ყოველგვარი ფაქტი მკაცრად უნდა დაისაჯოს.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები; ზ. ბ-ა ჩაიდინა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული; მას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ. ბ-ა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ფ-ა. კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ზ. ბ-ს მიერ ჩადენილი ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლზე და სამართლიანი სასჯელის დანიშვნას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ ზ. ბ-ს შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. საქმე №424აპ-16), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

11. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ ზ. ბ-ს ქცევა როგორც დანაშაულის ჩადენამდე (მან ნ. ჭ-ა დაიბარა ბაღში; შეხვედრისას თან ჰქონდა სახლიდან წამოღებული დანა), ისე ნ. ჭ-ს მიყენებული დაზიანების ხარისხი და ლოკალიზაცია მიუთითებს სწორედ ნ. ჭ-ს მოკვლის განზრახვაზე, რის გამოც ვერ გაიზიარებს კასატორების პოზიციას ზ. ბ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და მოგონილია პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. ბ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი