საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ ას-330-585-08 11 ივნისი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ური
მოწინააღმდეგე მხარე – ო. ა-აძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 22 ივნისს ო. ა-აძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ. გ-ურის მიმართ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ. გ-ურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული მატერიალური ზარალის _ 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება გადახდის დროისათვის არსებული კურსით.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მოპასუხეზე ჩაბარება, მისი საცხოვრებელი ადგილის დაუდგენლობის გამო, სსსკ-ის 78-ე მუხლის საფუძველზე, განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოზე _ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობაზე გადაცემით 2007 წლის 6 ივნისს.
აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შევიდა კანონიერ ძალაში და 2007 წლის 14 აგვისტოს, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2008 წლის 15 თებერვალს ნ. გ-ურმა საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინებით საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების გამო, რაც კერძო საჩივრით გააასაჩივრა ნ. გ-ურმა იმ საფუძვლით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სარჩელი უსაფუძვლოა, ვინაიდან ავტო-საგზაო შემთხვევა ჩაიდინა არა ნ. გ-ურმა, არამედ ნუგზარ ბროლაძემ. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო პალატას და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ასევე ნ. გ-ურს უარი ეთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. გ-ურმა. კერძოO საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ, ვინაიდან ავტო-საგზაო შემთხვევა თავად არ მოუხდენია, შესაბამისად, მან არც სასამართლოს შესახებ და არც გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა, აღნიშნულის თაობაზე მან შემთხვევით შეიტყო და მაშინვე მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩაჰბარდა 2008 წლის 14 თებერვალს და, შესაბამისად, გაასაჩივრა კანონით დადგენილ ვადაში.
ზემოაღნიშნულის გამო, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, მის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტა და საქმის განახლება ნუგზარ ბროლაძის მიმართ, ვინაიდან საპატრულო პოლიციის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, დადგენილია, რომ ავტო-საგზაო შემთხვევა მოახდინა ნუგზარ ბროლაძემ. ასევე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრებისნ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 აპრილის განჩინებით ნ. გ-ურის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვების ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე უარის თქმის ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ნ. გ-ურის კერძო საჩივარი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე უარის თქმის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით გადადოს ან განაწილვადოს გადაწყვეტიელბის აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლი ითვალისწინებს სააღსრულებო მოქმედების შეჩერებას, რაც აღსრულების გადადების ნაირსახეობაა და ნიშნავს აღსრულების სხვა დროისათვის გადადებას, რაც სასამართლოს განჩინებით უნდა განხორციელდეს. აღსრულების გადადება (შეჩერება), განაწილვადება ან აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა დასაშვებია, თუ არსებობს ამისთვის გონივრული საფუძველი.
“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლით დადგენილია ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, სასამართლო შეაჩერებს აღსრულებას. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ პირობათა არსებობისას.
განსახილველ შემხთვევაში, ნ. გ-ურმა ვერც რაიმე კანონით გათვალისწინებული კონკრეტული არგუმენტის მითითება შეძლო, რის გამოც გამართლებული იქნებოდა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება-გადადება და, ვერც დაასაბუთა, რა გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული ამგვარი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა.
აღნიშნულის გამო, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. გ-ურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.