ას-331-683-07 18 ივნისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. (დ.) მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. თ-ი, სიღნაღის ... ბიურო (მოპასუხეები)
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ბინის დაბრუნება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. (დ.) მ-მა 2002 წლის ოქტომბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ე. მ-სა და სიღნაღის ნოტარიუსის მიმართ და მოითხოვა ე. მ-სა და ვ. თ-ს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ბინის დაბრუნება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მისი მეუღლე ფ. გ-ს ძე მ-ი დაიბადა და ცხოვრობდა სოფელ .... მასზე იქორწინა 1936 წელს და შეეძინა შვილი ე. ფ-ს ასული მ-ი. მისი მეუღლე გაიწვიეს დიდ სამამულო ომში, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. მისი ქმრის მემკვიდრეები არიან თვითონ და მისი შვილი ე. მ-ი. მოსარჩელის მითითებით, სიღნაღის ნოტარიუსმა 2002 წლის 20 სექტემბერს მისი მეუღლის დას ე. მ-სა და ვ. თ-ს შორის გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რისი უფლებაც არ ჰქონდა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე დ. მ-ს სარჩელი მოპასუხეების ე. მ-ს და სიღნაღის რაიონის ნოტარიუსის მიმართ სიღნაღის რაიონის ნოტარიუს ნ. ლ-ს სანოტარო ბიუროში დადებული სანოტარო აქტის _ 2002 წლის 20 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი 1401) ბათილად ცნობისა და ბინის დაბრუნების შესახებ უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. (დ.) მ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებით დ. მ-ს სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ე. მ-სა და ვ. თ-ს შორის სიღნაღის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის ღირებულება შეადგენს 1000 ლარს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად დ. მ-ს სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. (დ.) მ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. (დ.) მ-ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით დ. მ-ს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა (ს.ფ. 285).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებით დ. მ-ს სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მოთხოვნას (ს.ფ. 296-297).
საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 თებერვლის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ სასამართლომ დაიწყო დ. მ-ს სააპელაციო საჩივრის განხილვა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და გავიდა სათათბირო ოთახში, სათათბირო ოთახიდან დაბრუნების შემდეგ კი სასამართლომ გამოაცხადა განჩინება დ. მ-ს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. (ს.ფ. 292-293). საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში გამოიტანა მოულოდნელი განჩინება. რადგან თუ სააპელაციო სასამართლოს მიაჩნდა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება ეჭვს იწვევდა, მას უნდა მიეცა აპელანტისათვის შესაძლებლობა სააპელაციო საჩივრის ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოსადგენად. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი და საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება დაადგინა მტკიცებულებების შეფასების გარეშე. ამ ნორმის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. (დ. მ-ს) არ მიეცა შესაძლებლობა სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. (დ.) მ-ს კერძო საჩივარი საფუძლიანია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინება უნდა გაუქმდეს და თ. (დ.) მ-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. (დ.) მ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.