საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №228აპ-17 ქ. თბილისი
ო-ი ა, 228აპ-17 19 სექტემბერი, 2017წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ა. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 120-ე მუხლით - ჯარიმა 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი, ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ა. ო-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 1 აგვისტოდან იმავე წლის 6 აგვისტომდე და 2015 წლის 11 სექტემბრიდან იმავე წლის 26 ოქტომბრამდე.
გაუქმდა ა. ო-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა – 5500 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს (2500 ლარი - ვ. ხ-ს, ხოლო 3000 ლარი - ა. ო-ს) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენით ა. ო-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 21 საათზე, ქ. ბ-ი, ხ-ს ქუჩის №...-თან, ა. ო-ა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა მ. ნ-ს, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია, მაგრამ არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2015 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 21 საათზე, ქ. ბ-ი, ხ-ს ქუჩის №...-თან, ა. ო-ა თ. ნ-ს მიაყენა დაზიანებები, რამაც სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოიწვია მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
2015 წლის 11 სექტემბერს ქ. ბ-ი, ტ. ა-ს ქუჩის №...-ში, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს თ-ს რესპუბლიკის მოქალაქე ა. ო-ი, რომელიც მოათავსეს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების კუთვნილ ,,ნისანის” მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ...., რათა გადაეყვანათ პოლიციის პირველ განყოფილებაში მასთან საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით. აღნიშნული ავტომანქანით მოძრაობისას, რომელსაც მართავდა პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე ი. მ-ე, ა. ო-ა, პოლიციის თანამშრომლებისგან თავის დასაღწევად, პოლიციის თანამშრომლებს - რ. ბ-ს, გ. ქ-ა და ი. მ-ს გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ძალადობით, ი. მ-ს ჯერ ფეხი დაარტყა მარჯვენა ხელზე, შემდეგ თავი - თავის არეში, რის შედეგადაც ი. მ-მ დაკარგა გონება, ვერ დაიმორჩილა მანქანის საჭე და შეეჯახა ტ. ა-ს ქუჩაზე არსებულ გამყოფ ღობეს და განათების ბოძს, რის შედეგადაც საქართველოს შსს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიადგა 5830 ლარის ქონებრივი ზიანი, ხოლო ქ. ბ-ს მერიას - 1866 ლარისა და 48 თეთრის ქონებრივი ზიანი.
2015 წლის 11 სექტემბერს ქ. ბ-ი, ტ. ა-ს ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ა. ო-ა სცემა ვ. ხ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ლევან მურვანიძემ და ითხოვა ა. ო-ს მიმართ დანიშნული სასჯელის შეცვლა საპატიმრო სასჯელით, ასევე – ა. ო-ს მიმართ 2015 წლის 3 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს - 5000 ლარის 50-%-ის - 2500 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აღსასრულებლად მიქცევა.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, სიმძიმე, ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა: დადგენილია, რომ ა. ო-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს განჩინებით საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო – 5000 ლარი და გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, გირაოს თანხის 50 %-ის - 2500 ლარის შეტანამდე გამოყენებულ იქნა პატიმრობა (ტ.1. ს.ფ. 138).
გირაოს თანხის ნაწილი - 50% (2500 ლარი) ნაღდი ანგარიშსწორებით შეიტანა ა. ო-ს ნათესავმა - ვ. ხ-ა 2015 წლის 6 აგვისტოს (ტ.1. ს.ფ. 175).
აღკვეთის ღონისძიების - გირაოს ქვეშ მყოფმა ა. ო-ა 2015 წლის სექტემბერში კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული, რისთვისაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა (ტ.2. ს.ფ. 110), რაც შემდგომში შეეცვალა გირაოთი – 3000 ლარის ოდენობით.
სახელმწიფო ბრალმდებელმა წინასასამართლო სხდომაზე 2015 წლის 25 სექტემბერს შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და გირაოს თანხის ნაწილის - 2500 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში მიქცევის თაობაზე (ტ.1. ს.ფ. 204).
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა არც აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და არც თანხის გადარიცხვის ნაწილში.
ბათუმის საქალაქო სასამათლოს მოსამართლის 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ა. ო-ს საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ა. ო-ს მიმართ განაჩენი სასამართლომ გამოიტანა 2016 წლის 6 ოქტომბერს. განაჩენით მოსამართლემ გააუქმა აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა – 5500 ლარი დაუბრუნა გირაოს შემტანებს (2500 ლარი - ვ. ხ-ს, 3000 ლარი - ა. ო-ს).
სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილს, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებელს არ მოუთხოვია გირაოს თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა. ამდენად, მას იგივე პოზიცია არ ჰქონია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რის გამოც სასამართლო ვერ გააუარესებს მსჯავრდებულის მდგომარეობას.
5. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან მურვანიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ა. ო-ს დანაშაულთა ერთობლიობით ისეთი სასჯელის შეფარდებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, ასევე - ა. ო-ს მიმართ 2015 წლის 3 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს - 5000 ლარის 50-%-ის - 2500 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აღსასრულებლად მიქცევას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ შეფარდებული სასჯელის ზომასა და გირაოს სახით შეტანილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მიქცევას. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ მოტივაციას, რომლიდან გამომდინარეც, სასჯელის ნაწილში საუარესო ცვლილების შეტანა მიზანშეუწონლად მიიჩნია.
8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბრალმდებელს გირაოს სახით შეტანილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მიქცევასთან მიმართებით ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი