Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №231აპ-17 ქ. თბილისი

ბ-ე ო, 231აპ-17 19 სექტემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის განაჩენით:

რ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი.

ო. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი.

განაჩენით მსჯავრდებულ ო. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2011 წლის 25 მარტს ო. ბ-მ თავისი ნაცნობები – ქ.ბ-ი, ჭ-ს ქუჩის №-ში მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელები და ერთად მომუშავე დაზარალებულები - ა. ა-ე და გ. ა-ე მოატყუა, რომ აშშ დოლარის გარკვეული ოდენობით გადაცემის შემთხვევაში თვითონაც ნახავდა მოგებას და მათაც მისცემდა მოგების გარკვეულ წილს, რის შემდეგაც დაზარალებულებს გამოართვა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა 25 000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემიდან 4-5 დღის განმავლობაში ო. ბ-ე თვალის ასახვევად, თითქოს, მართლაც ახდენდა ზემოაღნიშნული ფულის კონვერტაციას და იღებდა მოგებას, ყოველდღე აკითხავდა დაზარალებულებს და ნაცვლად თანხის გადაცემისა, მხოლოდ სიტყვიერად აბარებდა ანგარიშს, ხოლო ამის შემდეგ ა. ა-ა და გ. ა-ს უთხრა, რომ მათი თანხა დაიკარგა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი საერთოდ მიიმალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ო. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2. აპელანტის მოთხოვნა:

ო. ბ-ე დააკავეს 2016 წლის 3 ნოემბერს, რის შემდეგაც მან კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის განაჩენი და მოითხოვა მისი გაუქმება და გამართლება იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ დაზარალებულების კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილ იქნა გარდაცვალების მოწმობა, რომლის თანახმად, 2016 წლის 9 დეკემბერს მსჯავრდებული ო. ბ-ე გარდაიცვალა.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულ ო. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ნ-მ ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის განაჩენის გაუქმება ო. ბ-ს ნაწილში და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის განაჩენი ო. ბ-ს მსჯავრდების ნაწილში. ო. ბ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა და საქმეში არ მოიპოვება პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ო. ბ-ს მიერ ა. ა-ა და გ. ა-ს კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტი; 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მისი დასკვნები ო. ბ-ს მიერ თაღლითობის ჩადენის შესახებ ემყარება მხოლოდ დაუსაბუთებელ ვარაუდს.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განაჩენი ო. ბ-ს მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულების - ა. ა-ა და გ. ა-ს ჩვენებებს, რომლებიც დადასტურებული არ არის რაიმე სხვა მტკიცებულებით. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი მოწმის ჩვენება ან სხვა სახის მტკიცებულება, რომლებიც სასამართლოს მისცემდა დაზარალებულების მიერ მითითებული გარემოებების რეალურობაში დარწმუნების საშუალებას. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ა. ა-ა და გ. ა-ს ჩვენებები ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კრიტერიუმს და ამგვარი ჩვენებები საფუძვლად ვერ დაედება ო. ბ-ს მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტის მტკიცებას.

რაც შეეხება საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს, ისინი ირიბადაც ვერ მიუთითებენ ო. ბ-ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ: სს ”პ-ნ” მიღებული წერილით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ ო. ბ-ს, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეს, სს ”პ-ი” 2011 წლის 20 ივლისს აღებული ჰქონდა სესხი – 24 000 აშშ დოლარი, მიმდინარე სესხის დასაფარავად და საბრუნავი საშუალებებისათვის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29 აგვისტოს წერილიდან კი მხოლოდ ის ირკვევა, რომ იმ დროისათვის ო. ბ-ს სახელზე რეგისტრირებული იყო უძრავი ნივთი, მდებარე ქ.ბ-ი, ტ-ს ქ.№..-ში, რომელზეც რაიმე სახის საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა არ იყო რეგისტრირებული, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 12 ოქტომბრის წერილის თანახმად, მითითებული უძრავი ქონება რეგისტრირებულია ო. ბ-ს მამაზე - გ. ბ-ე და მასზე რეგისტრირებულია ასევე იპოთეკური სესხი. სააპელაციო პალატის შეფასებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მათში მითითებული ინფორმაციების შინაარსიდან გამომდინარე, მიჩნეული ვერ იქნება ო. ბ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ დამატებით მტკიცებულებებად და, შესაბამისად, მტკიცებულებათა ერთობლიობად.

5. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ადილარ წირღვავამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ო. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას ო. ბ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ო. ბ-ს ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი