¹ას-335-655-09 1 ივნისი, 2009წ.
¹ თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ღ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «.. ..»
გასაჩივრებული განჩინება _ Qთბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განჩინება
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ღ-შვილის სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 186-194).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. ღ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 198, 201-220).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ა. ღ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება (ს.ფ. 286-291).
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ღ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად (ს.ფ. 307-342)
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 6 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დარჩა განუხილველი, ხოლო იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად (ს.ფ. 33-354). ამავე პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინებით ა. ღ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, როგორც დაუშვებელი (ს.ფ. 382-385).
2009 წლის 16 მარტს ა. ღ-შვილმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომლითაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გაუქმება იძულებით გაცდენილი დროის საშუალო ხელფასის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმის წარმოების განახლება (ს.ფ. 441-448).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველი, როგორც დაუშვებელი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ოქტომბრის განჩინება, საქმის წარმოების განახლების მიზნით, არ წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების ობიექტს. მოცემულ შემთხვევაში გაუქმების ობიექტი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (ს.ფ. 453-455).
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ღ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რადგან მითითებულ განჩინებას ხელს აწერს ერთი მოსამართლე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განხილული არ ყოფილა კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით, როგორც ამას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მოითხოვს.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაზე დაუშვებელი იყო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და აღნიშნული განცხადების შეტანა დაიშვებოდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი სასარჩელო მოთხოვნა არსებითად იქნა განხილული როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ. შესაბამისად, ორივე სასამართლოს მიერ გამოტანილ სასამართლო აქტზე დაიშვება განცხადების შეტანა. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოს, მან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია და არსებითად არ განიხილა, შესაბამისად, მის მიერ გამოტანილ განჩინებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა არ დაიშვება (ს.ფ. 457-460).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ა. ღ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
ა. ღ-შვილის მიერ გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებას, ხოლო განმცხადებელს პრეტენზია აქვს საქმის არსებით მხარეზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ განცხადება სწორად იქნა დატოვებული განუხილველად. ამასთან, გასაჩივრებული განჩინების მომხსენებელი მოსამართლის მიერ ხელმოწერა სავსებით შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლისა და 373-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.