ას-3-359-07 23 ივლისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალ.ნი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. პ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. თ-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი – მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება და ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა –სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დ. თ-მა 2006 წლის 27 თებერვალს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე გ. პ-სა და ჩ. ტ-ის მიმართ და მოითხოვა მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა დ.თ-ს სარჩელი. მოპასუხე გ. პ-ს დაეკისრა მოსარჩელის კუთვნილი 0,364 მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება, რომელიც მდებარეობს ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში ე.წ. „...“; დ. თ-ს სასარჩელო მოთხოვნა გ. პ-სათვის 600 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. პ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით გ. პ-ს სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღიანი ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინებით გ. პ-ს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გ. პ-მა არ შეავსო ზემოაღნიშნული ხარვეზი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. პ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივარის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: ხარვეზის განჩინება პირადად არ ჩაბარებია და გზავნილზე მითითებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის; 2006 წლის 9 ოქტომბერს, როდესაც მისმა წარმომადგენელმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, ხაზინაში განუმარტეს, რომ განჩინებაში მითითებულ ანგარიშსა და მის მიერ გადახდილ ანგარიშს შორის განსხვავება არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. პ-ს კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით გ.პ-ს განესაზღვრა ვადა სახელმწიფო ბაჟის სახით 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში; ამ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გ. პ-ს სააპელაციო საჩივარს ერთვის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამასთან აღნიშნულ ქვითარზე მითითებული სახაზინო კოდია 300543115, ნაცვლად 300023115-ისა, ხოლო საიდენტიფიკაციო კოდი _ ... ნაცვლად ...-ისა. აღნიშნულის გამო სააპელაციო პალატამ გ. პ-ის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი არ ჩათვალა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტად (ს.ფ. 124-126).
სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინებით გ.პ-ს სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო. საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო გ. პ-ს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; სასამართლომ არ შეამოწმა გ. პ-მა სააპელაციო საჩივარზე დართული სახელმწიფო ბაჟის ქვითრით თანხა ხომ არ შეიტანა სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოების არასაგადასახადო შემოსულობების ანგარიშზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ ი ნ ა :
გ. პ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინება და საქმე გ. პ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.