Facebook Twitter

¹ას-337-657-09 11 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. პ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – ფ. რ-ოვა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. რ-ოვას სარჩელი მ. პ-შვილის, საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის და ნოტარიუს ნ. მ-იას მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2004 წლის 20 ოქტომბრის საარბიტრაჟოO გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. პ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინებით მ. პ-შვილს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 მარტის განჩინებით მარინა პ-შვილის განცხადება ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინებით მ. პ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. პ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება და ხარვეზის შევსებულად ჩათვალა იმ საფუძვლით, რომ მან ნამდვილად გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რის დასადასტურებლადაც კერძო საჩივარს თან დაურთო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. პ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი მ. პ-შვილს გაეგზავნა და ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ 2009 წლის 11 მარტს ჩაჰბარდა მამამისს _ გ. ხ-იას (ს.ფ.14). შესაბამისად, განჩინების შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 2009 წლის 16 მარტი. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მ. პ-შვილმა ხარვეზი არ გამოასწორა და არც რაიმე შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ხელმეორედ გაგრძელების თაობაზე სასამართლოში არ წარუდგენია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მან ბაჟი დროულად გადაიხადა, კერძოდ 2009 წლის 16 მარტს, რის დასადასტურებლადაც კერძო საჩივარს თან დაურთო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი. შესაბამისად, მ. პ-შვილმა მოითხოვა სასამართლოს ხარვეზი შევსებულად ჩაეთვალა. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან იმისათვის, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი შევსებულად ჩათვლილიყო, აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში, უშუალოდ სასამართლოში უნდა წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი, შესაბამისად, ის გარემოება, რომ მ. პ-შვილმა დროულად გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, არ ნიშნავს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში საპროცესო მოქმედების შესრულებას _ ხარვეზის შევსებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. პ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინება;

კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 459 ლარი და 75 თეთრი;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.