საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №244აპ-17 ქ. თბილისი
ა-ა ბ, 244აპ-17 19 სექტემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ. ა-ს ბრალი დაედო ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ბ. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც დღემდე ითვლება ნასამართლევ პირად. 2014 წლის 6 მაისს სენაკის რაიონული სასამართლოს განაჩენით ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც ასევე ითვლება ნასამართლევ პირად. 2016 წლის 18 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე, თ-ი, რ-ს გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, № სამარშრუტო ავტობუსში, ბ. ა-ა ფარულად დაეუფლა ა. ბ-ს კუთვნილ საფულეს, მასში მოთავსებული თანხით – 45 ლარით და პირადი ნივთებით, რითაც დაზარალებულს მიაყენა 82 ლარის მატერიალური ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ბ. ა-ა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზშივე.
გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც შეიძლება გამხდარიყო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, კერძოდ, ბ. ა-ს მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიუთითებს მხოლოდ დაზარალებულ ა. ბ-ს ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ იგი ავტობუსით მგზავრობისას ბილეთების ასაღებ ყუთთან იდგა. როდესაც ბილეთი აიღო, საფულე ჩანთაში ჩაიდო და დაკეტა. ამ დროს ერთი პირი მისკენ წამოვიდა, გვერდით ჩაუარა და ჩავიდა ავტობუსიდან. ბ-ა შენიშნა, რომ მისი ჩანთა გახსნილი იყო. ამავე დროს უცხო ქალბატონმა ჰკითხა, ,,თქვენი რამე ხომ არ წაიღოო”? დაზარალებულმა შეამოწმა ჩანთა და აღმოაჩინა, რომ საფულე შიგ აღარ იდო. იგი დაუყოვნებლივ ჩავიდა და გაიქცა ავტობუსის უკან მდგარ მიკროავტობუსისკენ, რადგან როგორც დაინახა, აღნიშნული მამაკაცი /ბ. ა-ა/ მიკროავტობუსისკენ წავიდა. მამაკაცს ხელში იასამნისფერი, ოთხკუთხედი საფულე ეჭირა. დაზარალებულმა გამოაღო მიკროავტობუსის კარი და პირველივე მგზავრს ჰკითხა, შავებში ჩაცმული კაცი საფულით ხელში, ხომ არ დაგინახავთო. მგზავრმა უპასუხა, რომ ის კაცი გზის მეორე მხარეს გაიქცა. ბ-ა დახურა კარი და იმ პირს რომ ვეღარ მიაგნო, პოლიციაში დარეკა. მეორე დღეს მას დაუკავშირდა ხსენებული მიკროავტობუსის მძღოლის - დ. ც-ს ქალიშვილი თ. ც-ი, რომელმაც უთხრა, რომ მისი საფულე მასში არსებული დოკუმენტებით იპოვა მამამისის მიკროავტობუსში. იგი შეხვდა დაზარალებულს და გადასცა მისი ნივთები. აღნიშნული ასევე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას თ. ც-ც. რაც შეეხება საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერს, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ, მართალია, სააპელაციო სასამართლოში ბ. ა-მ განმარტა, რომ ჩანაწერში დაფიქსირებული მამაკაცი არის თვითონ, მაგრამ მან ცალსახად უარყო ავტობუსში ყოფნის ფაქტი. ამასთან, ისიც, რომ კადრში არ ჩანს, თუ როგორც ჩამოდის ავტობუსიდან ჩანაწერში დაფიქსირებული პირი, ამას თავად ბრალდების მხარეც ადასტურებს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მხარეს არ ჩაუტარებია ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა, ფირზე აღბეჭდილი პირი ნამდვილად ბ. ა-ა იყო თუ – არა. ასევე, მოწმეების - დ. და თ. ც-ს ჩვენებებით არ დასტურდება ბ. ა-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბ. ა-ს ბრალეულობას.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განაჩენი გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ ბრალდების მხარემ წარადგინა ყველა მტკიცებულება, რომელთა ერთობლიობაც საკმარისი იყო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 დეკემბრის განაჩენი უცვლელად დატოვა.
11. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას ბ. ა-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბ. ა-ს ბრალეულობაში - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).
12. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, საქმის მასალათა შესწავლის შედეგად ზემომითითებული გარემოებები არ გამოკვეთილა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი