ას-339-658-09 24 აპრილი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანმა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ოვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. გ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ოვისა და მ. ტ-ურის მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.მ-ოვმა.
2009 წლის 25 თებერვალს აპელანტმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინება დავაზე მ. მ-ოვის სარჩელის გამო რ. გ-ძის მიმართ მ.მ-ოვის სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე და იშუამდგომლა საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ.მ-ოვმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ოვის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) დაიშვება თუ არა კერძო საჩივრის შეტანა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გასაჩივრებისათვის აწესება გარკვეულ შეზღუდვებს. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში. დასახელებული მუხლის თანახმად, კერძო საჩივრით დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებების გასაჩივრება, რომელთაც პირდაპირ ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. მითითებული ნორმის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა დაიშვება მხოლოდ იმ განჩინებაზე, რომლითაც შეჩერდება საქმის წარმოება.
განსახილველ შემთხვევაში, მ.მ-ოვი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებას, რომლითაც აპელანტის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამდენად, კერძო საჩივრის საგანს წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლოს განჩინება. აღნიშნული ტიპის განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს, რაც მ.მ-ოვის კერძოს საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მ.მ-ოვს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2009 წლის 6 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას. ამდენად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ არსებობს კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, მხარეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე, 396-ე, 185-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-ოვის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი.
კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.