ას-339-691-07 4 ივნისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ი-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. და ზ. კ-ები (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ი-მ სარჩელი აღძრა მოპასუხეების _ ზ. და მ. კ-ების მიმართ ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებეს შესახებ.
მოცემული საქმე არაერთხელ განხილულ იქნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებს მიერ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ვ. ი-ს ჩაბარდა 2007 წლის 19 თებერვალს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 2007 წლის 6 მარტს ვ.ი-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებით ვ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ვ. ი-ს პირადად ჩაბარდა 2007 წლის 19 თებერვალს, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა ამავე წლის 6 მარტს. ამდენად, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით და მიიჩნია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა დაარღვია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ვ. ი-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ კანონით დადგენილი ვადა დაარღვია საპატიო მიზეზით _ ავადმყოფობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ ვ. ი-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ვ. ი-ს ჩაბარდა 2007 წლის 19 თებერვალს. ამავე წლის 6 მარტს კი მან სააპელაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოში.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმა ადგენს რა სააპელაციო საჩივრის შეტანის კონკრეტულ ვადას, მისი გაგრძელებისა თუ აღდგენის სამართლებრივ მექანიზმს არ ითვალისწინებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მან სააპელაციო საჩივარი, ავადმყოფობის გამო, დაგვიანებით შეიტანა, რის გამოც ვადის გაშვება მიჩნეულ უნდა იქნეს საპატიოდ და სააპელაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დასაშვებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო ვ. ი-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.