№251აპ-17 თბილისი
კ-ე ს, 251აპ-17 27 სექტემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:
ს. კ-ე, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 12 წლით, ხოლო სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 19, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 12 წელს - ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 7 წლით თავისუფლების აღკვეთის ნაწილი - 4 წელი და ს. კ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 13 აგვისტოდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: დაზარალებულ მ. ს-ნ აღებული და საექსპერტო კვლევის შედეგად დაბრუნებული ორივე ხელის თითების ფრჩხილისა და ნერწყვის ნიმუშები, ს. კ-ნ აღებული და საექსპერტო კვლევის შედეგად დაბრუნებული თმის, ნერწყვისა და ორივე ხელის თითების ფრჩხილის ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული და საექსპერტო კვლევის შედეგად დაბრუნებული მომწვანო ფერის ქსოვილი (ნაჭრის ნაგლეჯი), შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული და საექსპერტო კვლევის შედეგად დაბრუნებული ნიადაგის ნიმუში, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული და საექსპერტო კვლევის შედეგად დაბრუნებული მოლურჯო ფერის საწოლის გადასაფარებელი, ე.წ. „ადიელა“, მოწითალო ფერის „ადიელა“, იასამნისფერი ბალიშის პირი, მ. ს-ს ტანსაცმელი (მომწვანო ფერის მაისური, მოშავო ფერის სპორტული შარვალი, მოშავო ფერის წინდა, მოწითალო ფერის ტრუსი), რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მ. ს-ს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი CD დისკები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით;
დათვალიერების შედეგად ამოღებული ს. კ-ს ტანსაცმელი (შავი ჯინსის შარვალი და ნაცრისფერი თეთრზოლებიანი პერანგი), რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ს. კ-ს ანდა მისი ოჯახის წევრს.
2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. კ-მ ჩაიდინა: გაუპატიურების მცდელობა, ესე იგი სქესობრივი კავშირის მცდელობა ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ჩადენილი არაერთგზის; სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, ანუ სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით.
მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 სექტემბრის განაჩენით ს. კ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 19, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ს. კ-ე პენიტენციური დაწესებულებიდან სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 2015 წლის მაისში, რის შემდეგაც, გაუპატიურებისთვის ნასამართლევმა, კვლავ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ: 2016 წლის 12 აგვისტოს ზ-ს რაიონის სოფელ შ-ი იმავე სოფელში მცხოვრებმა მთვრალმა ს. კ-მ განიზრახა სქესობრივი ჟინის დაკმაყოფილების მიზნით, ძალადობით, სქესობრივი კავშირი დაემყარებინა მეზობელთან, 62 წლის მ. ს-ნ. ისარგებლა იმით, რომ მ. ს-ს მეუღლე სამსახურში იმყოფებოდა და იმ დროს მ. ს-ე სახლში მარტო იყო, ხოლო თვით ს. კ-ს მეუღლე და შვილი სახლში არ იყვნენ და დაახლოებით 21:00 საათზე მივიდა მ. ს-ნ სახლში და მოატყუა, რომ თითქოსდა მისი მეუღლე, ი. კ-ე შეუძლოდ გახდა და სთხოვა მისთვის ნემსის გაკეთება. მ. ს-მ დაიჯერა მისი ნათქვამი და გაჰყვა ს. კ-ს სახლში. ოთახში შესვლისას მ. ს-მ ნახა, რომ ი. კ-ე სახლში არ იმყოფებოდა. ვინაიდან ს. კ-ს ადრე ჩადენილი ჰქონდა მეზობლის, ასაკოვანი ქალბატონის გაუპატიურების მცდელობა, მ. კ-ე მიხვდა ს. კ-ს დანაშაულებრივ განზრახვას და გამოიქცა სახლიდან. მას დაედევნა ს. კ-ე, რომელმაც ხელი ძლიერად დაარტყა ზურგში და იგი კიბეზე წააქცია, რის შემდეგაც ეზოში უთხრა, რომ სურდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება. ამასთანავე, ს. კ-ე მას სახეში ურტყამდა ხელს და ემუქრებოდა შვილიშვილებისა და მეუღლის მოკვლით, სახლის გადაწვით, თუ მომხდარის შესახებ ვინმეს ეტყოდა. შემდეგ მ. ს-მ მოახერხა ს. კ-ნ თავის დაღწევა და გაიქცა, თუმცა ს. კ-ე დაედევნა, დაიმორჩილა, მიწაზე წააქცია, შემოახია ტანსაცმელი და გახადა ტრუსი. ს. კ-მ თავადაც გაიხადა ტანსაცმელი სქესობრივი კავშირის დასამყარებლად. ვინაიდან მ. ს-მ აქტიური წინააღმდეგობა გაუწია ს. კ-ს, რომელმაც იმავდროულად ვერ განიცადა ერექცია მისგან დამოუკიდებელი აღნიშნული გარემოებების გამო, ს. კ-მ ვერ შეძლო განხორციელებული ძალადობითა და ძალადობის მუქარით მ. ს-ნ სქესობრივი კავშირის დამყარება. ამის მიუხედავად, სქესობრივი ჟინის დასაკმაყოფილებლად, ს. კ-მ მ. ს-ე ძალადობით დაიმორჩილა, თავისი სასქესო ორგანო ძალადობით მოათავსა მ. ს-ს პირის ღრუში, ხოლო ხელის თითი - მის სასქესო ორგანოში, რის შემდეგაც მან დაზარალებული შეიყვანა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც დამხმარე სათავსების კედლებს შორის, ძალადობითა და მოკვლის მუქარით მუხლებზე დააჩოქა, ხელი მოუჭირა ყბებზე, ძალით გააღებინა პირი და თავისი სასქესო ორგანო კვლავ მოათავსა მ. ს-ს პირის ღრუში, რა დროსაც მ. ს-ე გახდა ცუდად. ს. კ-მ მ. ს-ე შეიყვანა მის საცხოვრებელ სახლში, შიშველი დააწვინა საწოლზე და თითი მოათავსა მის სასქესო ორგანოში. შემდეგ ს. კ-ს შეეშინდა მხილების და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო მ. ს-მ მომხდარის შესახებ შეატყობინა მეზობლებსა და ოჯახის წევრებს.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ს. კ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ო-მ, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას, მსჯავრდებულმა ს. კ-მ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, აღიარა ჩადენილი დანაშაული და იშუამდგომლა სასჯელის შემსუბუქება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ს. კ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ო-ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ:
ს. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 12 წლით, ხოლო სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 19, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელს - 12 წელს - ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 7 წლით თავისუფლების აღკვეთის ნაწილი - 2 წელი და ს. კ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 13 აგვისტოდან.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს. კ-მ. კასატორი საჩივარში აღნიშნავს, რომ, მართალია, იგი წინასწარ გამოძიებაში, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ ამჟამად სრულად აღიარებს, რისი გათვალისწინებითაც ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 19, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმის განსაზღვრას, ასევე - უფრო მკაცრი სასჯელის მიერ ნაკლებად მკაცრის შთანთქმას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ს. კ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ს. კ-მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც არც თავად მსჯავრდებული ხდის სადავოდ.
3. რაც შეეხება მსჯავრდებულ ს. კ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნები, დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ასევე გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულმა ს. კ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, რის საფუძველზეც პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება - 2 წლით. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემსუბუქების საფუძველი.
4. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონით შეიცვალა საქართველოს სსკ-ის 137-ე და 138-ე მუხლების საკანონმდებლო კონსტრუქციები, რის შესაბამისადაც, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის დისპოზიციამ (ახალი რედაქცია) მთლიანად მოიცვა სსკ-ის 138-ე მუხლით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
5. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ს. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება - სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, ანუ სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება საქართველოს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლ ნაწილს (გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით), რაც ასევე ითვალისწინებს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
6. შესაბამისად, მითითებული ცვლილების თანახმად, მსჯავრდებულ ს. კ-ს საქართველოს სსკ-ის 19, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრად შერაცხული ორივე ქმედება (1. გაუპატიურების მცდელობა, ესე იგი სქესობრივი კავშირის მცდელობა ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ჩადენილი არაერთგზის; 2. სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, ანუ სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით) ერთობლივად წარმოადგენს საქართველოს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ დამთავრებულ დანაშაულს (გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით), მაგრამ საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ს. კ-ს საქართველოს სსკ-ის 19, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია) მსჯავრი დაედო გაუპატიურების მცდელობისათვის, რის გამოც საკასაციო პალატა ბრალდების მითითებულ ნაწილში არ არის უფლებამოსილი, გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა და მისი ქმედება დააკვალიფიციროს როგორც დამთავრებული დანაშაული, ხოლო რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხულ მსჯავრდებას, ამ ნაწილში მსჯავრდებულ ს. კ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (ძველი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2017 წლის 4 მაისის კანონი, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, მითითებული კანონით საქართველოს სსკ-ის 137-ე და 138-ე მუხლებში განხორციელებული ცვლილებები უნდა გავრცელდეს არათუ დაუსრულებელ, არამედ დასრულებული სამართალწარმოების საქმეებზეც).
7. რაც შეეხება სასჯელს, ვინაიდან კანონში შესული ხსენებული ცვლილების შესაბამისად, მსჯავრდებულ ს. კ-ს მიერ ჩადენილი ორივე დანაშაულებრივი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, მას სასჯელი უნდა განესაზღვროს მხოლოდ ერთი მუხლით - საქართველოს სსკ-ის 19, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: ს. კ-ს საქართველოს სსკ-ის 19, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხული მსჯავრდება უნდა დარჩეს უცლელად, ხოლო სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხული მსჯავრდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე. ამასთან, მსჯავრდებულ ს. კ-ს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 19, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. მსჯავრდებულ ს. კ-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2017 წლის 4 მაისის რედაქცია).
4. მსჯავრდებული ს. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 19, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. ს. კ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 13 აგვისტოდან.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი