Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №260აპ-17 ქ. თბილისი

ყ-ი ლ, 260აპ-17 19 სექტემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნელი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის განაჩენით:

ლ. ყ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის 1-ლი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

ლ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი, 111,151-ე მუხლით - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ყ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 20 აგვისტოდან.

განაჩენით ლ. ყ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, დ-ს რაიონის სოფელ ჩ-ი, ნასვამმა ლ. ყ-ა მასთან არარეგისტრირებულ, ფაქტობრივ ცოლქმრულ ურთიერთობაში მყოფ მეუღლეს, თ. ს-ს ურთიერთშეკამათების ნიადაგზე, არასრულწლოვანი ქალიშვილის, 2007 წლის 22 მარტს დაბადებული მ. ყ-ს თანდასწრებით, სამჯერ ჩაარტყა ძლიერად მუშტი მუხლების არეში, რა დროსაც თ. ს-ა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2015 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, დ-ს რაიონის სოფელ ჩ-ი, ლ. ყ-ი მფლობელის - ტ. მ-ს ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა მისი სააგარაკე სახლის ეზოში, შემდეგ - სახლის სხვენში, რითაც დაირღვა ტ. მ-ს მფლობელობის ხელშეუხებლობა.

2015 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, დ-ს რაიონის სოფელ ჩ-ი, ლ. ყ-ი სააგარაკე სახლის ეზოში მყოფ მეუღლეს, თ. ს-ს ეჭვიანობის ნიადაგზე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ამ უკანასკნელმა რეალურად აღიქვა მუქარა, გაუჩნდა მუქარის იმწუთიერად განხორციელების საფუძვლიანი შიში და გაიქცა სახლიდან ქუჩაში, ხოლო ლ. ყ-ი ნაჯახით ხელში გაედევნა მას და კვლავ ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ლ. ყ-ა მეუღლის, თ. ს-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა განაგრძო იმავე დღეს ავტომანქანის სალონში მეუღლის ჩასმის შემდეგაც, ამჯერად განმარტოებულ გარემოში, იგი დანით ხელში ემუქრებოდა თ. ს-ს სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულით თ. ს-ს კვლავ გაუჩნდა მუქარის იმწუთიერად განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2015 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 15:10 საათზე, დ-ს რაიონის სოფელ ჩ-ი, საავტომობილო გზაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლ. ყ-ა ავტომანქანის საბარგულში მეუღლის, თ. ს-ს ძალით ჩასმისა და განმარტოებულ გარემოში მის მიმართ დამუქრებისა და მუქარით დაშინების გაადვილების მიზნით, თ. ს-ს რამდენჯერმე გაარტყა ხელი სახის არეში, მუშტი ჩაარტყა თავში, თმა ძლიერად მოქაჩა და ამ გზით, ძალის გამოყენებით, ჩასვა იგი მშობლის, მ. ყ-ს სახელზე რეგისტრირებულ, მის სარგებლობაში მყოფ „OPEL VECTRA-ს” მოდელის ავტომანქანის (სახ.#....) საბარგულში, სადაც ჩაკეტა, რითაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების საშუალება. აღნიშნულის შემდეგ ლ. ყ-ი მიუჯდა ავტომანქანის საჭეს და ამ მდგომარეობაში ავტომანქანით გადაადგილდა სოფელ ჩ-ს საავტომობილო გზაზე. დაახლოებით 3-4 წუთის შემდეგ თ. ს-ა შეძლო შიგნიდან ავტომანქანის საბარგულის გაღება, რის შემდეგაც ლ. ყ-ა გააჩერა ავტომანქანა, მეუღლე გადაიყვანა საბარგულიდან ავტომანქანის სალონში, სადაც მასთან განმარტოებულმა განაგრძო მუქარა: ამჯერად იგი დანით ხელში ემუქრებოდა თ. ს-ს სიცოცხლის მოსპობით, რაც იწვევდა მუქარის იმწუთიერად განხორციელების თაობაზე თ. ს-ს საფუძვლიან შიშს.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა, მსჯავრდებულმა ლ. ყ-ა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. თ-მ.

პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ ლ. ყ-ს დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით.

დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ლ. ყ-ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო სსკ-ის 111,151-ე მუხლით დანიშნული სასჯელის – პირობით მსჯავრად ჩათვლა.

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დააზუსტა, ლ. ყ-ა თავი დამნაშავედ ცნო სრულად ბრალდების ყველა ეპიზოდში და ითხოვა მისთვის დანიშნული სასჯელების შემსუბუქება, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სანქციის მინიმუმის შეფარდება, ასევე სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლით, ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა, სასჯელის სახით სხვა ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელების განსაზღვრა.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ლ. ყ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

ლ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი, 111,151-ე მუხლით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ყ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 20 აგვისტოდან.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული, 1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების - თ. ს-ა და ტ. მ-ს ჩვენებებით, მოწმეების: ნ. ს-ს, მ. ყ-ა და მ. გ-ს ჩვენებებით, მოწმის სახით დაკითხული ექსპერტებისა და გამომძიებლების - ბ. ი-ს, ი. მ-ს, რ. მ-ს, ნ. მ-ს, ლ. ჩ-ს, ზ. ბ-ს, ი. მ-ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, კრიმინალისტიკური (ცივ იარაღზე ჩატარებული) ექსპერტიზის N.../ცი დასკვნით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის N....ქმ დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N დასკვნით, სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ლ. ყ-ს მიერ დანაშაულის აღიარებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ. ყ-ა ჩაიდინა დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლით, 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

სააპელაციო პალატა ნაწილობრივ დაეთანხმა დაზუსტებულ მოთხოვნას და მიიჩნია, რომ ლ. ყ-ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლითა და 111, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელთა ზომა უნდა შეუმსუბუქდეს სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმამდე. სააპელაციო პალატამ სასჯელის დანიშვნისას მიუთითა მსჯავრდებულ ლ. ყ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე, კერძოდ, ლ. ყ-ა როგორც გამოძიებაში, ისე 1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, ხოლო სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი სრულად ცნო დამნაშავედ ბრალდების ყველა ეპიზოდში, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ჰყავს მცირეწლოვანი შვილები. იმავდროულად, მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ სხვა გარემოებებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტისას. გარდა ამისა, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, თუ კონკრეტულ შემთხვევაში რა გახდა ოჯახური კონფლიქტის დაწყების მიზეზი, რასაც შედეგად მოჰყვა ლ. ყ-ს მიერ მოცემული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა ლ. ყ-ს მიერ სააპელაციო პალატის სხდომაზე ჩამოყალიბებული გარემოებები.

ზემომითითებული არგუმენტების მხედველობაში მიღებით, პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ლ. ყ-ს სასჯელის გამკაცრების თაობაზე სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა. მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დასამძიმებლად სახელმწიფო ბრალმდებელი მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა დღეს საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ შეფარდებული სასჯელი პერსონალიზირებული უნდა იყოს, სააპელაციო პალატა პროკურორის ზემოთმითითებულ არგუმენტს არ დაეთანხმა. ასევე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილებისთვის ფსიქიკური ზიანის მიყენების ფაქტი, როგორც ამას სასჯელის გასამკაცრებლად მიუთითებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნელი ორჯონიკიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და ლ. ყ-ს უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს მსჯავრდებულ ლ. ყ-ს შეფარდებული სასჯელის ზომას.

8. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. ყ-ს ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

9. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი. სასამართლომ მსჯავრდებულ ლ. ყ-ს, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (ლ. ყ-ა როგორც გამოძიებაში, ისე 1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, ხოლო სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი სრულად ცნო დამნაშავედ ბრალდების ყველა ეპიზოდში, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; ჰყავს მცირეწლოვანი შვილები; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია; გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოება, თუ კონკრეტულ შემთხვევაში რა გახდა ოჯახური კონფლიქტის დაწყების მიზეზი, რასაც შედეგად მოჰყვა ლ. ყ-ს მიერ მოცემული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა; სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილებისთვის ფსიქიკური ზიანის მიყენების ფაქტი), განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლით, 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნელი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი