¹ას-343-662-09 28 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ი-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. და ქ. გ-შვილების სარჩელი დედოფლისწყაროს რაიონის ნოტარიუსის მიერ 1998 წლის 30 სექტემბერს მ. ი-შვილის სახელზე გაცემული გარდაბნის რაიონის სოფელ შინდისში მდებარე საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების, კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობათა გაუქმებისა და საცხოვრებელი სახლის კომლის საერთო საკუთრებაში დატოვების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, დაკმაყოფილდა ა. ა-ძის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა გარდაბნის რაიონის სოფელ შინდისში მდებარე საცხოვრებელი სახლის მ. ი-შვილის სახელზე აღრიცხვისა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სესხის დაფარვის მიზნით, მისი აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. და ქ. გ-შვილებმა და მ. ი-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით მ. ი-შვილის, ვ. და ქ. გ-შვილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება ა. ა-ძის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების, ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურებისათვის შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციის დავალებისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში (გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-4 პუნქტები) გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. ა-ძის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მ. ი-შვილის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა გარდაბნის რაიონის სოფელ შინდისში მდებარე საცხოვრებელი სახლი; ა. ა-ძის სასარგებლოდ მ. ი-შვილის სახელზე სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად დაკისრებული თანხის - 40 000 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარის გადასახდელად დადგინდასადავო სახლის აუქციონზე რეალიზაცია, დაევალა საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სააგენტო სამსახურს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება, რომელიც შევიდა კანონიერ ძალაში და 2008 წლის 8 ოქტომბერს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინებით ა. ა-ძის წარმომადგენელ ლევან ჯანაშიას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის შესწორების შესახებ, კერძოდ გადაწყვეტილების მესამე პუნქტში «გარდაბნის რაიონის, სოფელი ....» ნაცვლად «თბილისი, სოფელი .....» მითითების თაობაზე, დაკმაყოფილდა, გასწორდა მითითებული გადაწყვეტილების მესამე პუნქტში დაშვებული უსწორობა და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
«ა. ა-ძის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და მ. ი-შვილის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხოს თბილისის დასახლება (სოფელი) შინდისში მდებარე საცხოვრებელი სახლი; თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ა-ძის სასარგებლოდ მ. ი-შვილის სახელზე სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად დაკისრებული თანხის - 40 000 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარის გადასახდელად განხორციელდეს მისი აუქციონზე რეალიზაცია».
აღნიშნული განჩინება კერძოO საჩივრით გაასაჩივრა მ. ი-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ, ვინაიდან მოსარჩელე მოითხოვდა გარდაბნის რაიონში მდებარე სახლს, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება გამოეტანა გადაწყვეტილება თბილისის დასახლებაში არსებულ სახლთან დაკავშირებით, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. ი-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით ა. ა-ძის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მ. ი-შვილის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა გარდაბნის რაიონის სოფელ შინდისში მდებარე საცხოვრებელი სახლი; ა. ა-ძის სასარგებლოდ მ. ი-შვილის სახელზე სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად დაკისრებული თანხის - 40 000 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარის გადასახდელად დადგინდა მისი აუქციონზე რეალიზაცია;
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი, ვინაიდან დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა გარდაბნის რაიონის სოფელ შინდისში მდებარე სახლი; ასევე დადგენილია, რომ საქმის განხილვის პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, კერძოდ, ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის შესახებ» ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის ¹1-6 გადაწყვეტილების თანახმად, სოფელი შინდისი მოქცეულ იქნა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში შემავალ დასახლებად, რომლის სახელწოდებაც განისაზღვრა შემდეგნაირად: თბილისის დასახლება (სოფელი) შინდისი, რაც გახდა მიზეზი გადაწყვეტილებაში უსწორობის დაშვებისა.
სამოქალაქო საპროცესო კდოექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
მითითებული მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, დაუშვებელია მხოლოდ გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის მის აზრსა და შინაარსს.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა განცხადება გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნულით გადაწყვეტილების შინაარსი არ შეცვლილა და, შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ი-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.