¹ას-345-664-09 15 მაისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ღ-შვილის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განჩინებაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2009 წლის 29 აპრილს ა. ღ-შვილმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მაისის განჩინებით ა. ღ-შვილს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 3 დღით.
2009 წლის 11 მაის ა. ღ-შვილმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის «ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.
საკასაციო პალატა გაეცნო განცხადებას და მიაჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან «სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის I პუნქტის «ა” ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. მოცემულ შემთხვევაში ძირათადი დავის საგანს წარმოადგენს შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო 3 თვის კომპენსაციის ანაზღაურება, რაც არ განეკუთვნება ხელფასის გადახდევინების ან შრომის ანაზღაურების მოთხოვნას და ზემოაღნიშნული ნორმით სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებას არ ექვემდებარება.
პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.