Facebook Twitter

ას-346-698-07 25 სექტემბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზუგდიდის სს „ .. ..“ (მოპასუხე)

დავის საგანი – მოპასუხე ორგანიზაციის აქციონერთა 2004 წლის 2 ივლისის საერთო კრების გადაწყვეტილების გაუქმება

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. მ-მ 2004 წლის 2 სექტემბერს სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ზუგდიდის სს „ .. ..ს“ წინააღმდეგ და მოითხოვა სს „ .. ..“ 2004 წლის 2 ივლისის აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების გაუქმება.

მ. მ-მ მოპასუხე ორგანიზაციის აქციონერთა 2004 წლის 2 ივლისის საერთო კრების გაუქმება მოითხოვა შემდეგი მოტივებით: კრება ჩატარდა საზოგადოების წესდების მე-6.3 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან მისი ჩატარების თაობაზე აქციონერებისათვის არ იყო ცნობილი. ტელევიზიის მორბენალ სქრიტონშიც არავის წაუკითხავს კრების ჩატარების შესახებ.

საზოგადოების ძველ სამეთვალყურეო საბჭოს შეუწყვიტეს საქმიანობა, ახალი სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის საკითხი კი სასამართლოში იხილება, რის გამოც საზოგადოების მმართველობაში ვაკუუმია.

საზოგადოების წესდების შეცვლილი პროექტი წინასწარ არ გამოქვეყნებულა და იგი აქციონერებმა პირდაპირ კრებაზე მოისმინეს, რაც ეწინააღმდეგება წესდების მე-6 მუხლს.

სადავო კრებას თავმჯდომარეობდა არა ბ. გ-ა, როგორც ეს სანოტარო აქტით დადასტურებულ კრების ოქმშია აღნიშნული, სინამდვილეში კრების თავმჯდომარე იყო თ. ნ-ა.

ნოტარიუსმა აქციონერთა კრების ოქმში არ შეიტანა მოსარჩელის 2004 წლის 2 ივლისის განცხადება, რომელიც მან კრებაზე წაიკითხა. მოსარჩელემ საზოგადოებას წარუდგინა ასევე 2004 წლის 10,18 და 21 ივნისის განცხადებები, რომელიც კრებისათვის არ იყო ცნობილი.

ბ. გ-მ დაარღვია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 55.1 მუხლის მოთხოვნა და საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრი თვითონ აირჩია.

თ. ნ-მ აქციონერებს არ განუმარტა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 55.1 მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ერთი მესამედი შეიძლება არჩეულ იქნეს მუშა-მოსამსახურეთაგან.

ზუგდიდის სააქციო საზოგადოება „ .. ..“ წესდების ცვლილებებიც არასწორად, ნაჩქარევად იქნა სასამართლოში რეგისტრირებული, რადგან კრების გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა მოსარჩელეს, საზოგადოების წესდების მე-9.4 მუხლის დარღვევით კანონსაწინააღმდეგოდ აირჩიეს „ზუგდიდ-...“ (ს.ფ. 3-8).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი სს „ .. ..“ აქციონერთა 2004 წლის 2 ივლისის საერთო კრების გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

მ. მ-მ 2004 წლის 2 დეკემბერს განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს იმავე სასამართლოს 2004 წლის 25 ნოემბრის სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანის შესახებ.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 დეკემბრის განჩინებით უარყოფილ იქნა მ. მ-ის შენიშვნები იმავე სასამართლოს 2004 წლის 25 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმის მიმართ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საპელაციო პალატის 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა მ. მ-ის სარჩელი, გაუქმდა სს „.. ..“ აქციონერთა 2004 წლის 12 ივლისის საერთო კრების ¹4 ოქმი.

მ. მ-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და ამ ნაწილში საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის.

საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება ბ.გ-ს თანამდებობიდან გათავისუფლების და მ. მ-ის სასარგებლოდ ბ.გ-სათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 500 000 ლარის დაკისრების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მარტის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ბ.გ-ს თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ბ.გ-სათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 500 000 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ-ს აღძრული ჰქონდა სარჩელი ზუგდიდის სს “ .. ..” მიმართ და მოითხოვდა აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეს არ მოუთხოვია ბ. გ-სათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 500 000 ლარის გადახდის დაკისრება. ასეთი მოთხოვნა მან დააყენა მხოლოდ სააპელაციო საჩივარში. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ამითY მ. მ-მ არსებითად კი არ გაზარდა დავის საგანი, არამედ დააყენა ახალი დამოუკიდებელი სარჩელი ბ. გ-ს მიმართ. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის გაზრდას, პრაქტიკულად კი ახალი სარჩელის დაყენებას არ დათანხმებია მოწინააღმდეგე მხარე. ასეთი სახით დავის საგნის გაზრდა სააპელაციო პალატამაც მიზანშეუწონლად მიიჩნია, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილული დავა გამომდინარეობდა აბსოლუტურად განსხვავებული სამართლებრივი საფუძვლებიდან და ეხებოდა აქციონერთა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ამასთან, ამ დავაში მოპასუხე იყო იურიდიული პირი და არა ბ. გ-ა. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და 381-ე მუხლის საფუძველზე ჩათვალა, რომ მ. მ-ის სააპელაციო მოთხოვნა დაუშვებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის როგორც მოთხოვნის დაყენების დროისათვის, ასევე საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი რედაქციით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. მ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება ეყრდნობა გაყალბებულ სხდომის ოქმს, შესაბამისად მიღებულია ყალბი განჩინება. განჩინებაში არასწორად არის მითითებული ასევე მისი მოთხოვნაც. მისი უფლებების დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა მოსამართლის აცილების, ასევე მისთვის სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნის თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაში არასწორადაა მითითებული რომ მისი მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღურების შესახებ არ დაკმაყოფილდა მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო, რადგან მის მიერ სააპელაციო საჩივარზე თანდართული იყო მტკიცებულებები. ასევე არასწორად მსჯელობს სასამართლო მის მიერ დავის საგნის გაზრდის თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მან სარჩელი კი არ გაზარდა, არამედ დააზუსტა. მისი მოთხოვნა მორალური ზიანის ბ.გ-სათვის დაკისრების თაობაზე გამომდინარეობს არა მის მიერ კრების არაკანონიერად ჩატარებიდან, არამედ ბ. გ-ს მიერ მისი ღირსების არაერთგზის შელახვისგან, რაც გამოიხატა მისთვის ხელფასის გაუზრდელობით, დევნილის დახმარების მიუცემლობით და ა.შ. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ მისი მოთხოვნა მორალური ზიანის 500000 ლარის ანაზღაურების Gთაობაზე დაუშვებელია. არასწორია ასევე სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მან პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დააყენა მოთხოვნა ბ. გ-ს განთავისუფლებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე; პირველ ინსტანციაში სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა პროცესუალური დარღვევებით და უარი ეთქვა მის მთელი რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ყველა ინსტანციის სასამართლოში დაშვებულია პროცესუალური დარვევები, რაც ასახულა 2004 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებასა და ამავე თარიღის სხდომის ოქმში, ასევე 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებასა და სხდომის ოქმში, 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინებასა და სხდომის ოქმში, აგრეთვე 2007 წლის 29 მარტის განჩინებასა და სხდომის ოქმში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. მ- სასარჩელო განცხადებით ითხოვდა სს “ .. ..” 2004 წლის 2 ივლისის აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. მაგრამ მან სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ იგი ზრდის სარჩელს და ბ. გ-საგან მოითხოვს მორალური ზიანის 500 000 ლარის ანაზღაურებას სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, ასევე ბ. გ-ს თანამდებობიდან გათავისუფლებას და მის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას. მან სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მოპასუხე ორგანიზაციის აქციონერთა კრების გადაწყვეტილების გაუქმება; ასევე მოითხოვა წესდების გაუქმება; ბ. გ-ს თანამდებობიდან გათავისუფლება და მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტა; ასევე მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლეთა ქმედებისათვის სამართლებრივი შეფასების მიცემა (ს.ფ. 88-99). ზემოაღნიშნული მ. მ-მ სადავო გახადა სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარშიც. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინებაში მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს ჯერ უნდა დაეზუსტებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად მ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნები, შემდეგ კი კონკრეტულად უნდა ემსჯელა ამ მოთხოვნების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილებაში.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოცემული საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მ.მ-მ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არსებითად კი არ გაზარდა დავის საგანი, არამედ დააყენა ახალი, დამოუკიდებელი სარჩელი ბ.გ-ს მიმართ, რასაც არ დათანხმებია მოწინააღმდეგე მხარე. ასეთი სახით დავის საგნის გაზრდა სააპელაციო პალატამ მიზანშეუწონლად მიიჩნია.

საკასაციო პალატა თვლის, სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ მ. მ-მ არსებითად კი არ გაზარდა დავის საგანი, არამედ დააყენა ახალი, დამოუკიდებელი სარჩელი ბ.გ-ს მიმართ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საკითხის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ამაზე, ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მ.მ-ის სარჩელის თაობაზე განხილული დავა სხვა გარემოებებს ეფუძნებოდა და იგი ეხებოდა აქციონერთა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და მოპასუხეს წარმოადგენდა სს “ .. ..” ადმინისტრაცია, როგორც იურიდიული პირი და არა ბ.გ-ა, როგორც ფიზიკური პირი.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში კანონი არ დაურღვევია და მ.მ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მარტის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.