ას-347-699-07 7 მაისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ... სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ...“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინება
დავის საგანი – კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „მ...მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს ... სამინისტროს მიმართ და მოითხოვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
ხობის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ... სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5502 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ... სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე შპს „მ...ს“ წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა გაუშვა სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინებით შპს „მ...ს“ წარმომადგენლის დ. პ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ხობის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ... სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ... მინისტრის მოადგილის ი. გ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად იმ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების ოდაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ამ ნორმიდან გამომდინარე, განჩინების გადაცემის მომენტად, საიდანაც იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო ხელწერილით, ან კიდევ, ამ განჩინების მხარისათვის გადაგზავნით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინება, რომლითაც განუხილველად დარჩა ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარიქ საქეში მითითებულ მისამართზე 2007 წლის 22 მარტს გაეგზავნა ... სამინისტროს (ს.ფ.163), რომელიც 2007 წლის 28 მარტს ჩაჰბარდა ადრესატს (ს.ფ.166). აღნიშნულიდან გამომდინარე, ... სამინისტროს კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 10 აპრილის ჩათვლით, კერძო საჩივარი კი ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2007 წლის 13 აპრილს (ს.ფ.173), ე.ი. კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დარღვევით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული 12 დღიანი ვადა და ... სამინისტროს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
... მინისტრის მოადგილე ი. გ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.