Facebook Twitter

¹ას-348-700-07 20 ივნისი, 2007წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – 1. შპს “ .. ..” დირექტორი

რ. გ-ი

2. ქ. ქუთაისის ...

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მარტის განჩინება

დავის საგანი – საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 16 ივნისს შპს “ .. ..” დირექტორმა რ. გ-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ... სამსახურის ... პარკის, ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის განათლების სამსახურის ¹... ბაგა-ბაღისა და ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ... სამსახურის მიმართY მოპასუხეთათვის მის სასარგებლოდ 16678 ლარის დაკისრების თაობაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს “ .. .. “ დირექტორ რ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ .. ..” დირექტორმა რ. გ-ლმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, საქმეში მესამე პირად ჩართულმა, ქ. ქუთაისის ... წარმომადგენელმა ხ. ჯა-მა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ამ საკითხზე იმავე მხარეებს შორის და იმავე საგანზე არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება ქუთაისის ... საფინანსო საქალაქო სამსახურის მიმართ შპს “ . ..” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; შპს “ .. ..” სარჩელზე ქუთაისის ... საფინანსო საქალაქო სამსახურის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა როგორც შპს “ .. ..” დირექტორმა რ. გ-მა, ასევე ქ. ქუთაისის ... .

შპს “ .. ..” დირექტორმა რ. გ-მა კერძო საჩივრის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანისას, მოთხოვნაზე პასუხს აგებდა მხოლოდ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ... სამსახური, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე თანამონაწილეების სტატუსით ... სამსახურთან ერთად პასუხს აგებენ მე-... ბაგა-ბაღი და ... პარკი. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ საქმეში მონაწილეობენ სხვა მხარეები, რის გამოც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

ქ. ქუთაისის ... კერძო საჩივარში აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით იქნა განხილული. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით კი, მესამე პირები სარგებლობენ მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს ქუთაისის ... მიმართ საქმის წარმოება უნდა შეეწყვიტა, ვინაიდან ამ საკითხზე იმავე მხარეებს შორის და იმავე საგანზე არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივრები საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრების საფუძვლები და თვლის, რომ შპს “ .. ..”-ის დირექტორ რ. გ-ისა და ქ. ქუთაისის ... კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის მიღების ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს “ .. ..” სარჩელი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ... სამსახურის მიმართ, მესამე პირების _ ქუთაისის მე-... ბაგა-ბაღის, ქუთაისის ... პარკისა და ქუთაისის ... მონაწილეობით არ დაკმაყოფილდა. ასევე დადგენილია, რომ, როგორც უკვე განხილულ და გადაწყვეტილ, ასევე მიმდინარე დავაში მოსარჩელე იყო შპს “ .. ..”, მოპასუხე კი _ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ... სამსახური. დავის საგანი იყო და არის მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე დავაში ერთი და იგივე მხარეები იდენტური საპროცესო სტატუსით მონაწილეობდნენ, ერთიდა იმავე დავის საგნითა და საფუძვლით, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე თანამონაწილეების სტატუსით ... სამსახურთან ერთად პასუხს აგებენ მე-... ბაგა-ბაღი და ... პარკი, დავა სხვადასხვა მხარეებს შორის მიმდინარეობს და სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოება არ უნდა შეეწყვიტა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს.

რაც შეეხება ქუთაისის ... , თავის კერძო საჩივარში განმარტავს, რომ, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით, მესამე პირები სარგებლობენ მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოება ქუთაისის ... მიმართაც უნდა შეეწყვიტა, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა.

აღნიშნული ნორმის თანახმად, როდესაც სარჩელი მესამე პირისკენ არ არის მიმართული და მოსარჩელეს მოპასუხედ იგი არ დაუსახელებია, სავალდებულო მესამე პირის შემთხვევაშიც კი სასამართლო გადაწყვეტილება (განჩინება) უშუალოდ მის მიმართ ვერ იქნება გამოტანილი, რადგან ის მოპასუხე არ არის და მოპასუხის მოვალეობები არ აკისრია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო არ არის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს “.. ..” სწორედ იმიტომ ეთქვა უარი სარჩელზე, რომ მას იგი უნდა აღეძრა არა საქალაქო საფინანსო სამსახურის, არამედ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის განათლების სამსახურის ... პარკისა და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ... სამსახურის მე-... ბაგა-ბაღის მიმართ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ, მართალია, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის განათლების სამსახურის ... პარკი და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ... სამსახურის მე-... ბაგა-ბაღი გადაწყვეტილ დავაში უკვე მონაწილეობდნენ, მაგრამ არა მოპასუხეების, არამედ მესამე პირების სახით, რომელთაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მითითებული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მოვალეობები არ ეკისრებოდათ და, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიმართ საქმის წარმოება არ უნდა შეწყვეტილიყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივრები სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ .. ..” დირექტორ რ. გ-ისა და ქ. ქუთაისის ... კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მარტის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.