Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №216აპ-17 ქ. თბილისი

მ-ა გ, 216აპ-17 3 ოქტომბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. მ-ს ბრალი დაედო ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 25 თებერვალს, ღამის საათებში, ქ.თ-ი, რ-ს გამზ№..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. მ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ი. ა-ს, კერძოდ, დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც იგი დაეცა. გ. მ-მ ხელით მოქაჩა თმა და ასე, თმის ქაჩვით მიჰყავდა თავისი საცხოვრებელი ბინისკენ, რა დროსაც ი. ა-ს დაუზიანდა მარჯვენა, მეოთხე თითის საფრჩხილე ფალანგი, რაც მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის განაჩენით გ. მ-ა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

გ. მ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგის 2016 წლის 16 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, გააანალიზა ისინი და ერთმანეთთან შეაჯერა; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლომ დაადგინა ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ გ. მ-ს ქმედებაში გამოვლენილია საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, კერძოდ:

გ. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებული ი. ა-ი არის მისი შვილის დედა, რომელთანაც ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, თუმცა პერიოდულად ერთად ცხოვრობდნენ. ბოლო პერიოდში ურთიერთობა ძალიან დაეძაბათ, ვინაიდან ი-ა ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, რის გამოც არაადეკვატური ხდებოდა. 2016 წლის 25 თებერვალს დაურეკა ი. ა-ა და შეატყობინა, რომ მასთან ბავშვი მიჰყავდა დასატოვებლად. იგი ჩავიდა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან და ელოდებოდა ი-ს, რომელიც მივიდა ტაქსით. ა/მანქანიდან გადმოსვლისთანავე ი-მ დაუწყო გინება და შეურაცხყოფის მიყენება. ვინაიდან ძალიან აღელდა, სიგარეტი გაისროლა, ზუსტად არ იცის, მოხვდა თუ არა ი-ს, რადგან დიდი მანძილით იყვნენ დაშორებულები ერთმანეთისგან. ი-ა იგინებოდა და თავად კი ამშვიდებდა, ეუბნებოდა - ნუ იგინები, სირცხვილიაო. გ. მ-მ ასევე განმარტა, რომ როდესაც მან ბავშვს ხელი მოკიდა, ი-ა ეცა და დაუწყო ჩხუბი, რა დროსაც მას კაპიუშონიანი პალტოს საყელოზე წაავლო ხელი და წაიყვანა სახლისკენ. ვინაიდან ი-ა ძალიან მთვრალი იყო, თან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, წაბორძიკდა. მას (გ. მ-ს) საყელოზე ეკიდა ხელი, შეძლო მისი დაჭერა და ინერციით თვითონაც გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, რა დროსაც ი-ა ურტყამდა. მას საყელოზე ხელი რომ გაეშვა, ი-ა ძირს დაეცემოდა; თუმცა იგი ძირს არ დავარდნილა, მაგრამ ვინაიდან ხელებს იქნევდა, შესაძლოა მიწას შეახო. მართალია, ი-ა მას სცემდა, მაგრამ თვითონ არ დაურტყამს. შენიშნა, რომ მისი თმის სამაგრი ძირს ეგდო, რომელიც ფეხის დაბიჯებით იყო გატეხილი. ი-ა იძახდა, თითი მტკივაო, თუმცა სასწრაფოს ექიმების შეთავაზებაზე - გაჰყოლოდა მათ, უარი განაცხადა.

მოწმე მ. ც-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 25 თებერვალს მის კუთვნილ ა/მანქანაში, რომლითაც მგზავრები გადაჰყავს ანაზღაურების სანაცვლოდ, ჩაუჯდა ნასვამი ქალბატონი ბავშვთან ერთად. გზაში ქალბატონი საუბრობდა ტელეფონით, ვიღაცას ეჩხუბებოდა, აგინებდა და ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, ემუქრებოდა „ბავშვს ქუჩაში დაგიგდებო.“ პირმა, რომელსაც ესაუბრებოდა ქალბატონი, რამდენჯერმე გაუთიშა ტელეფონი, მაგრამ ქალი კვლავ ურეკავდა და ლანძღავდა. მგზავრი მიიყვანა რ-ს გამზირზე, სადაც ქალი გადავიდა მანქანიდან და გადაიყვანა ბავშვიც საბავშვო ეტლით. ადგილზე დახვდათ მამაკაცი, რომელიც სიგარეტს ეწეოდა. ვინაიდან სიბნელე იყო, სახეებს ვერ ხედავდა, თუმცა ესმოდა, როგორ ლანძღავდა და აგინებდა ქალი მამაკაცს და ეუბნებოდა ცუდ სიტყვებს, კაცმა კი ისროლა სიგარეტის ნამწვი და მოხვდა ქალს. მოწმის განმარტებით, შენიშნა მხოლოდ სიგარეტის სროლის ფაქტი, თუმცა არ შეუძლია დაადასტუროს, კაცმა დამიზნებით ესროლა თუ არა. შემდეგ კაცმა თავში მოკიდა ხელი, ქალი დავარდა და დაახლოებით 2 მეტრი გაახოხა, რა დროსაც ქალბატონი ხელებს იქნევდა და ურტყამდა მამაკაცს. მოწმის ჩვენებით, მას უნდოდა წასულიყო, მაგრამ ვინაიდან ქალს ჩანთა მანქანაში ჰქონდა დატოვებული, შემთხვევის ადგილიდან ვერ წავიდა. მამაკაცმა ბავშვი წაიყვანა, ქალბატონი კი მანქანაში ჩაუჯდა და მასაც ჩხუბი დაუწყო, რატომ არ დამეხმარეო, თმის სამაგრი გამიწყვიტაო. ქალმა დარეკა საპატრულო პოლიციაში და დაელოდნენ პატრულის მოსვლას. მოწმის განმარტებით, მას არ დაუნახავს, მამაკაცმა ქალს დაარტყა თუ არა. მან განმარტა, რომ „შორს იდგნენ ერთმანეთისაგან და ვერც დაარტყამდა“. მამაკაცი გაურბოდა ქალს, ცდილობდა გასცლოდა, მაგრამ ქალმა ხელი წაავლო და რაღაც გასაღებს სთხოვდა.

სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 4 აპრილის №.... დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებითა და სამედიცინო დოკუმენტაციით ი. ა-ს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულზე, მარჯვენა მე-4 თითის საფრჩხილე ფალანგის მოტეხილობა; ხაზოვანი ფორმის ნაჭდევები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივ-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად; მარჯვენა მე-4 თითის საფრჩხილე ფალანგის მოტეხილობა და სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, დაზიანებები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით; ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებული ტრავმის მიღების თარიღს. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ. გ-მ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2016 წლის 26 თებერვალს 112-ის ქოლცენტრის შენობაში დათვალიერდა მოწმე გ.გ-ს მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი 1 (ერთი) ცალი DVD დისკი, რომელზეც ასახულია მეტრო „თ-ს“ წინ არსებული შენობის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის 25 თებერვალს 01.30.00-01.40.00სთ დროის შუალედში. დათვალიერების შემდეგ DVD დისკი დაილუქა სათანადო წესით. აღნიშნული DVD დისკი მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლიეს სასამართლო სხდომაზე. ჩანაწერში ჩანს, როგორ მიდის შემთხვევის ადგილზე ქალბატონი ბავშვთან ერთად ტაქსით, სადაც ხვდება მამაკაცი. ქალბატონსა და მამაკაცს შორის მიმდინარეობს საუბარი, რა დროსაც მამაკაცი ხელს იქნევს ზევიდან ქვევით. ვიდეოგამოსახულების ხარისხიდან გამომდინარე, შემდეგი მოქმედება, რაც თვალნათლივ ფიქსირდება, არის ქალისა და მამაკაცის ყოფნა სადარბაზოსთან და მამაკაცის მიერ ბავშვის წაყვანა საბავშვო ეტლით სადარბაზოს მიმართულებით.

მოწმეებმა - ზ. ნ-მ და ვ. ა-მ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

დაზარალებულმა ი. ა-ა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება.

აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. მ-ა უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებებს.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ შეიკრიბა იმ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გ. მ-ს ბრალეულობას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ დასტურდება ფაქტი, რომ გ. მ-მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პროკურორის განმარტება, რომ სასამართლომ უგულებელყო მოწმეების ჩვენებები და არ შეაფასა ისინი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად. როგორადაც არ უნდა შეფასდეს აღნიშნულ პირთა ჩვენებები, ისინი ვერ იქნება მიჩნეული გ. მ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებებად, კერძოდ: მ. ც-ს ჩვენების მიხედვით, მან დაინახა დაზარალებულის „გახოხების“ ფაქტი და ვერ ადასტურებს რეალური იყო თუ არა გ. მ-ს მიერ ჩვენებაში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება - ი. ა-ს წაბორძიკება, ანუ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი. ა-ს ,,გახოხება“ გამოიწვია მისმა წაბორძიკებამ (როგორც ამას გ. მ-ა აღწერს) თუ გ. მ-ს ძალადობამ. აღნიშნულ გარემოებაზე პასუხი უნდა გაეცა თავად ი. ა-ს, თუმცა მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგამოსახულებით კი, ჩანაწერის ხარისხიდან გამომდინარე, შეუძლებელია როგორც ხელის დარტყმისა და თმის მოქაჩვის, ასევე თმის ქაჩვით სახლისაკენ წაყვანის ფაქტის გარჩევა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირის არსებობა გ. მ-ს ქმედებასა და შედეგს - ი. ა-ს ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას შორის. გამოკვლეული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სიტყვიერთან ერთად, ფიზიკურ შეურაცხყოფას ი. ა-ც აყენებდა გ. მ-ს, თუმცა დადასტურებულად იმის მიჩნევა, რომ მან დაზიანება მიიღო არა საკუთარი, არამედ გ. მ-ს ძალადობრივი ქმედების შედეგად, შეუძლებელია.

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა.

7. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

პროკურორი გულნარა ოქრუაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარი, ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და საკმარისია გამამყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

11. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლომ განაჩენის გამოტანისას დაარღვია საპროცესო კანონის მოთხოვნები, გამართლებულის ქმედება არასწორად შეაფასა და მისი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგის 2016 წლის 16 დეკემბრის განაჩენი უცვლელად დატოვა.

12. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას გ. მ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გ. მ-ს ბრალეულობაში - საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).

13. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, საქმის მასალათა შესწავლის შედეგად ზემომითითებული გარემოებები არ გამოკვეთილა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი