საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №218აპ-17 ქ. თბილისი
ე-ე გ, 218აპ-17 3 ოქტომბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ე-ს ბრალი დაედო წიაღით უკანონო სარგებლობაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ინდმეწარმე გ. ე-ე 2003 წლის 17 ოქტომბერს გაცემული №0538 ლიცენზიის საფუძველზე კანონიერად მოიპოვებდა დაბა ა-ი თერმულ წყლებს, რითაც 2007 წლის 30 აგვისტომდე კანონიერად ამუშავებდა ა-ს რაიონის დაბა ა-ი, ა-ს ქ. №...-ში მდებარე საცურაო აუზების კომპლექსს. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრიბვი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №1212 ბრძანების საფუძველზე გაუქმდა თერმული წყლების მოპოვებაზე გაცემული №0538 ლიცენზია, რითაც მეწარმეს ჩამოერთვა წიაღით სარგებლობის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ინდმეწარმე გ. ე-ს აღარ გააჩნდა ბუნებრივი წიაღის - თერმული წყლის მოპოვების უფლება, თვითნებურად, სარგებლის მიღების მიზნით, მაინც აგრძელებდა №2 ჭაბურღილიდან უკანონოდ მოპოვებული თერმული წყლებით საცურაო აუზების კომპლექსის მომარაგება-ფუნქციონირებას 2014 წლის 20 მაისიდან 2015 წლის 6 ოქტომბრამდე. მისი დანაშაულებრივი ქმედებით გარემოს მიადგა 2943,39 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის განაჩენით გ. ე-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ. ე-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ გ. ე-ს (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ - 3200 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, კერძოდ: გამწმენდ ნაგებობას, მდებარე: ა-ს რაიონის სოფელ ვ-ი, სარეგისტრაციო ზონა - ა-ი, კოდი - .., სექტორის ვ-ი - .., კვარტალი - .., ნაკვეთის - ..., ფართობი (დაზუსტებული) 896.00 კვ.მ - 2000 ლარის ფარგლებში.
გ. ე-ს განემარტა, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აპელანტის მოთხოვნა:
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კახაბერ ლეკიშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. ე-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ე-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებებს.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციაზე, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურა გ. ე-ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებებში.
საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კრიმინალიზებულია წიაღით უკანონო სარგებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაულის ობიექტს წარმოადგენს წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვის სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები. დანაშაულის საგანია წიაღი, ხოლო დანაშაულის ობიექტურ მხარეს წარმოადგენს წიაღით უკანონო სარგებლობა, ანუ საწარმოების, ორგანიზაციების ან მოქალაქეების მიერ ისეთი წიაღის გამოყენება, რომელიც მათ სარგებლობაში არ აქვთ კანონით დადგენილი წესით და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, რომ გ. ე-მ ჩაიდინა წიაღით უკანონო სარგებლობა. როგორც საქმის მასალებით დგინდება, წიაღით უკანონო სარგებლობისათვის გ. ე-ს მიმართ ერთხელ უკვე განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა და 2014 წლის 22 აგვისტოს მასთან გაფორმდა განრიდება. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ. ე-ე 2014 წლის 20 მაისიდან კვლავ უკანონოდ სარგებლობდა თერმული წყლებით. სასამართლოში არ გამოკვლეულა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ. ე-ს მიერ 2014 წლის 20 მაისიდან იმავე წლის 23 სექტემბრამდე თერმული წყლის უკანონოდ გამოყენების ფაქტს. რაც შეეხება 2014 წლის 23 სექტემბრიდან იმავე წლის 6 ოქტომბრამდე პერიოდს, დადგენილია, რომ ამ პერიოდში გ. ე-ს შენობა-ნაგებობა გაქირავებული ჰქონდა მესამე პირებზე, რომლებიც დაიკითხნენ სასამართლო სხდომაზე, სადაც მათ განმარტეს, რომ გ. ე-ნ იქირავეს მხოლოდ შენობა-ნაგებობა. ამასთან, გ. ე-მ ისინი გააფრთხილა, რომ არ გააჩნდა ლიცენზია თერმული წყლით სარგებლობისათვის, თუმცა წყალს მაინც იყენებდნენ, ვინაიდან იგი მათ აუზებზე გადიოდა და იღვრებოდა. წყლის მიმართულების შეცვლა ან დაკეტვა მათი მხრიდან შეუძლებელი იყო.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არათუ დადგინდა გ. ე-ს მიერ თერმული წყლების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების ფაქტი, არამედ გამოიკვეთა, რომ მან შენობის დამქირავებელი პირები გააფრთხილა ლიცენზიის არქონის თაობაზე და მათთვის არ მიუცია წყლის გამოყენების უფლება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პროკურორის არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ განრიდების გაფორმების შემდეგ გ. ე-ს არანაირად არ უმოქმედია, მიემართა შესაბამისი ორგანოებისთვის და მოეთხოვა წყლისთვის სხვა მიმართულების მიცემა. პროკურორის აღნიშნული დასაბუთება უსაფუძვლოა იმდენად, რამდენადაც საქმის მასალებში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომ ლიცენზიის გაუქმების შემდეგ გ. ე-ს გააჩნდა ვალდებულება, მიემართა სახელმწიფო ორგანოებისათვის და მოეთხოვა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამავალი თერმული წყლის მილის სხვა მიმართულებით გადატანა. ამასთან, გამართლებულმა გ. ე-მ განმარტა, რომ მასთან არ მისულა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელი და არ შეუთავაზებია მილის სხვა მიმართულებით გადატანა; თუკი ასეთი რამ მოხდებოდა, იგი წინააღმდეგობას არ გაუწევდა.
ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ შეიკრიბა იმ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გ. ე-ს ბრალეულობას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ დასტურდება ის ფაქტი, რომ გ. ე-მ ჩაიდინა წიაღით უკანონო სარგებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კახაბერ ლეკიშვილმა. კასატორი საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის, როგორც უკანონოს, გაუქმებასა და გ. ე-ს კანონიერი სასჯელის შეფარდებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია გ. ე-ს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას გ. ე-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს გ. ე-ს ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).
11. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, საქმის მასალათა შესწავლის შედეგად ზემომითითებული გარემოებები არ გამოკვეთილა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი