Facebook Twitter

ას-35-370-09 16 თებერვალი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნ. კვანტალიანმა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ტ. ნ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ნ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ. ნ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ნ-შვილის მიმართ თანხის _ 24000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ნ-შვილმა.

აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ი. ნ-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 ტონა ხორბლის გადაცემა, რომლის ღირებულება შეადგენს 9000 ლარს, აქედან, 20 ტონის _ 6000 ლარს, ხოლო 10 ტონის _ 3000 ლარს.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ნ-შვილმა, ხოლო ი. ნ-შვილმა შეგებებული საკასაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ტ.ნ-შვილის წარმომადგენელმა ნ. გ-ძემ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 18 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე დაშვებული უსწორობის გასწორება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანეს ტ.ნ-შვილმა და გ. ნ-ძემ. კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, თუმცა მათ აღნიშნული გარემოება სათანადო მტკიცებულებით არ დაუსაბუთებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 26 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ტ. ნ-შვილს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადავადების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება ტ. ნ-შვილსა გაეგზავნა 2009 წლის 28 იანვარს, ხოლო გ. ნ-ძე არ იქნა ჩაბმული მხარედ იმ მოტივით, რომ ის სასამართლო პროცესის მიმდინარეობაში სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მხარისათვის დადგენილი სტატუსით არ მონაწილეობდა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2009 წლის პირველ თებერვალს, ტ. ნ-შვილს განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსათვის მიუმართავს რაიმე შუამდგომლობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ნ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მასზე დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში ტ. ნ-შვილს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 26 იანვრის განჩინებით განესაზღვრა რა ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადა, დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების, მისი გადავადების დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება ტ. ნ-შვილს ჩაბარდა 2009 წლის პირველ თებერვალს (ტ.4, ს.ფ.42), შეტყობინების გაგზავნის კალენდარული შტამპელით კი ირკვევა, რომ შეტყობინება საფოსტო განყოფილებას დაუბრუნდა 2009 წლის 2 თებერვალს. შეტყობინების დაბრუნების თარიღის მიხედვით ათვლის შემთხვევაშიც კი ხარვეზის გამოსწორების ვადა ამოიწურა ამავე წლის 9 თებერვალს. მხარეს განსაზღვრული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 420-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ტ. ნ-შვილის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.