ას-35-389-07 28 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. პ.-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ც. მ.-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით _ ახალციხის რაიონის განათლების, მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭო
დავის საგანი – ბავშვის გადაცემა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ც. მ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ლ. პ.-ის, შ. პ.-ისა და ლ. პ.-ის მიმართ და მოითხოვა შვილის გადაცემა; ახალციხის განათლების განყოფილების მეურვეობის და მზრუნველობის საბჭომ, როგორც მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს ც. მ.-ის მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევისა და ბავშვზე მეურველობის დაწესების მოთხოვნით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ც. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მას დაუბრუნდა თავისი არასრულწლოვანი შვილი ნ. მ.-ი, რომელიც ცხოვრობს ქ.ვალეში ლ. პ.-თან, შ. პ.-თან და ლ. პ.-თან; ახალციხის განათლების განყოფილების მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უარი ექთვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. პ.-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ლ. პ.-ის სააპელაციო საჩივარი მიჩნეული იქნა ხარვეზიანად ბაჟის გადაუხდელობის გამო და აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა - 20 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. მასვე განემარტა, რომ სასამათრთლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ლ. პ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. პ.-მ, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 დეკემბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, კერძოდ 2006 წლის 9 ოქტომბერს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. პ.-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ლ. პ.-ს სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 31 აგვისტოს განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების შესახებ კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა (ს.ფ. 169). ლ. პ.-ი კერძო საჩივარში აღნიშნულს სადავოდ არ ხდის და მიუთითებს, რომ ხარვეზის შევსების თაობაზე სასამართლოს განჩინება ჩაბარდა 2006 წლის 25 სექტემბერს (ს.ფ. 174). მან კერძო საჩივარში მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში, კერძოდ 2006 წლის 9 ოქტომბერს და სახელმწიფო ბაჟის ქვითარი დაურთო კერძო საჩივარს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან ლ. პ.-მა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, მისი სააპელაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი, რადგანაც აპელანტს სააპელაციო პალატის 2006 წლის 31 აგვისტოს განჩინებით დავალებული ქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა სააპელაციო სასამართლოში ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 20 დღის განმავლობაში (ს.ფ. 165-167). საქმის მასალების თანახმად, მას დათქმულ ვადაში სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი, ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის შესაბამისად თუ სააპელაციო საჩივარზე ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 დეკემბრის განჩინება კანონიერია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. პ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 დეკემბრის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.