¹ას-354-673-09 15 ივნისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანმა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ბ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ასლის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ბ-ძემ საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა ან მისი გაცემის საჩხერის რაიონული სასამართლოსათვის დავალდებულება საქმეზე, რომლითაც სს ,,ჭ-ს” ე. ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 34117 ლარის ანაზღაურება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 იანვრის განჩინებით გ.ბ-ძის საჩივარი განსჯადობით გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს განსახილველად.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის განჩინებით გ.ბ-ძეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
გ.ბ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 2009 წლის 6 იანვრის განცხადებაში დაშვებული უსწორობის გასწორება და სააღსრულებო ფურცლის გაცემის დავალდებულება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ.ბ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და გ.ბ-ძეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და იშუამდგომლა, მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის ხუთი დღით გაგრძელების თაობაზე შესაბამისი მტკიცებულებების წარმოსადგენად. აღნიშნული შუამდგომლობის დასაბუთების მიზნით, მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2009 წლის 13 თებერვლის მიმართვა ადმინისტრაციულ საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე, ამავე უწყების გენერალური ინსპექციის 2007 წლის 15 ნოემბრისა და 2008 წლის 22 ივლისის მომართვები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ხოლო ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა, გ.ბ-ძეს გაუგრძელდა ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალა სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება მხარეს ჩაბარდა 2009 წლის 29 მაისს (ს.ფ. 52). დადგენილი ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში გ.ბ-ძეს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის განჩინებით გაუგრძელდა რა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა, დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება გ.ბ-ძეს ჩაბარდა 2009 წლის 29 მაისს (ს.ფ. 52). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დენა დაიწყო 2009 წლის 30 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 3 ივნისს. ამ ვადის განმავლობაში გ.ბ-ძეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 420-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-60 მუხლის მეორე ნაწილით, 284-ე, 285-ე, 399-ე, 372 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ბ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.