¹ას-354-706-07 30 მაისი 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი. ქ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ს...ი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება.
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 01 ნოემბერს, ი. ქ-მ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს შპს “ბათუმის ს...ის “ მიმართ, 25363 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე. ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა თავისი მოთხოვნა და 41939 ლარის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ 1989 წელს დააფუძნა კოოპერატივი “ი...ი” და შპს “ბათუმის ს...თან” ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა. მათ შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმად კოოპერატივ “ი...ს” უნდა მიეწოდებინა რკინის არმატურა, ხოლო შპს “ბათუმის ს...ი” სანაცვლოდ მიაწვდიდა სამშენებლო მასალებს. 1989-1991 წლებში მოპასუხეს მიაწოდა 39 ტონა და 200 კგ მე-3 კლასის არმატურა, რის სანაცვლოდ მიიღო რკინა-ბეტონის სახურავის ფილები და ბეტონის საკედლე ბლოკები, რომელთა ღირებულება შეადგენდა 1500 აშშ დოლარს და 1320 ლარს. ხოლო 1993 წელს 11 ტონა ცემენტში გაუცვალა 25კუბ.მ ბეტონი.
სარჩელში ასევე აღნიშნა მოსარჩელემ, რომ 1993 წელს მოპასუხემ შეუწყვიტა მასალების მიწოდება და ასანაზღაურებელი დარჩა 34,42 ტონა არმატურის ღირებულება – 42939 ლარი.
2006 წლის 16 მარტს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხის საჩივრის საფუძველზე 25.04.2006 წ. განჩინებით გაუქმდა და განახლდა საქმის წარმოება. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს ხანდაზმულობის და უსაფუძვლობის გამო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ქ-ს სარჩელზე უარი ეთქვა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ქ-მ სააპელაციო სასამართლოს 2007 წ. 22 მარტის განჩინებით ი. ქ-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. ქ-მ. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ის და მისი მეუღლე არიან პენსიონერები, პენსიის ოდენობა კი შეადგენს 52 ლარს, ხოლო შვილი კი უმუშევარია. მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო ვერ შეეძლო ხარვეზის გამოსწორება. მისი განმარტებით სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, უნდა გაეთვალისწინებინა მითითებული გარემოებები და გაეთავისუფლებინა იგი სასამართლო ხარჯის გადახდისაგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ი. ქ-მ მოითხოვა 2007წლის 22 მარტის განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო კერძო საჩივარს და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განესაზღვრა 7 დღიანი ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან (ს.ფ. 174-175).
ზემოაღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით ი. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (ს.ფ. 178-179).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარზე ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად კი, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოხსენებული ნორმებით მართებულად იხელმძღვანელა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა, ვინაიდან აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებებს, რომ მან მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო ვერ გამოასწორა ხარვეზი, არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს, ვინაიდან ი. ქ-ს სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად დანიშულ ვადაში არ მიუმართავს აღნიშნული მოთხოვნით სააპელაციო პალატისათვის. ასეთ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის საპატიო ან არასაპატიო მიზეზზე და შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების ან გადავადების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.