Facebook Twitter

¹

¹ას-355-674-09 05 ივნისი 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ თბილისის მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი _ გ. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. ქ-ია, ლ. გ-ძე, მ. მ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილდებით მ. ქ-იას, ლ. გ-ძის და მ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.

ამავე სასამართლოს 2008 წლის 17 დეკემბრის საოქმო განჩინებით სსიპ მრავალპროფილიანი სწავლების ცენტრის (დირექტორი გ. მ-ძე) საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 08 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა ძალაში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი იქნა შეტანილი სსიპ მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების ცენტრის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

პალატის განმარტებით, სსიპ მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების ცენტრმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის აღძვრის საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი 14 დღიანი ვადა;

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 დეკემბრის განჩინება ჩაბარდა 2009 წლის 25 თებერვალს.

პალატის განმარტებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა წარედგინა 2009 წლის 11 მარტის ოცდაოთხ საათამდე; სააპელაციო საჩივარი კი თბილისის საქალაქო სასამართლოს ჩაბარდა 2009 წლის 12 მარტს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ თბილისის მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორმა _ გ. მ-ძემ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინება არაკანონიერია, უსაფუძვლოა და იურიდიულად გაუმართლებელია.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ თბილისის მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების ცენტრმა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ჩააბარა 2009 წლის 12 მარტს. თუმცა ის ფაქტი, რომ სსიპ თბილისის მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების ცენტმა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 დეკემბრის განჩინება ჩაიბარა 2009 წლის 25 თებერვალს არასწორია, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, კურიერის (ფოსტის ან სასამართლოს) მიერ მოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება 26 თებერვალს სსიპ თბილისის მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების ცენტრის კანცელარიაში შემოიტანა ამავე სასწავლებელში დროებით მცხოვრებმა ცხინვალიდან დევნილმა, რომელმაც გადასცა კონვერტი კანცელარიის თანამშრომელს, ხოლო ამ უკანასკნელმა მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორს იმავე დღეს, საიდანაც დაიწყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა და შესაბაისად მათ უფლება ჰქონდათ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარვედგინათ 2009 წლის 12 მარტის ოცდაოთხ საათამდე.

კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო სსიპ თბილისის მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორის _ გ. მ-ძის კერძო საჩივარს და თვლის, რომ საქმეზე წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილი გარემოებების შესაბამისად სსიპ მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების ცენტრის მიერ 2009 წლის 12 მარტს სააპელაციო წესით გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.

საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინება მხარეს ჩაბარდა 2009 წლის 25 თებერვალს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის განჩინებით აღნიშნული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ სსიპ თბილისის მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების ცენტრის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საპროცესო ვადების დარღვევას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვერულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ვადის დენა დაიწყო 2009 წლის 26 თებერვლიდან, ვინაიდან მხარეს განჩინება ჩაბარდა 25 თებერვალს და აღნიშნული ვადა ამოიწურა 2009 წლის 11 მარტს და არა 12 მარტს, როგორც ეს კერძო საჩივარშია მითითებული.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მას გადაწყვეტილება ჩაბარდა 26 თებერვალს და შესაბამისად არ გაუშვია სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საფოსტო ბარათით (ს.ფ.100) ირკვევა რომ გზავნილი ჩაბარდა სსიპ თბილისის მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორს - გ. მ-ძეს. ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. საჩივარი და საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სსიპ თბილისის მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების ცენტრმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან მან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად საპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი სსიპ თბილისის მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების ცენტრის სააპელაციო საჩივარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სსიპ თბილისის მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორის _ გ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.