ას-357-709-07 25 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები :ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ლ...ა” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ა...ი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ლ...მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ა...ს” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 84.775.675 ლარის დაკისრება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ლ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის განჩინებით შპს „ლ...ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ლ...მ“ შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 10 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის გადასახდელად. ამავე სასამართლოს 2006 წლის 15 მაისის განჩინებით კი მხარეს ხარვეზის შესავსებად ვადა 10 დღით გაუგრძელდა. მითითებული ხარვეზის განჩინების ასლი შპს “ლ...ს” რამდენჯერმე _ 2006 წლის 30 მაისს, 16 ივნისსა და 8 ნოემბერს გაეგზავნა, თუმცა სასამართლო გზავნილები ადრესატისათვის ჩაუბარებლად ფოსტით დაბრუნდა უკან იმ მოტივით, რომ ორგანიზაცია დაკეტილია და ადრესატი აღნიშნულ მისამართზე არ იმყოფებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებით შპს „ლ...ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტს ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სასამართლომ განმარტა, რომ, საფოსტო განყოფილების შეტყობინების თანახმად, აღნიშნული განჩინება მხარეს ვერ ჩაბარდა, რადგან ადრესატი მითითებულ მისამართზე არ იმყოფებოდა, ხოლო მისამართის შეცვლის შესახებ მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ ხარვეზის განჩინება აპელანტისათვის ჩაბარებულებად უნდა ჩაითვალოს. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ცნო დაუშვებლად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ლ...მ“ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლით: უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ შპს “ლ...ა” საქმის მასალებში აღნიშნულ მისამართზე არ იმყოფება, ვინაიდან სამეწარმეო რეესტრის 2007 წლის 20 მარტის ამონაწერით დასტურდება, რომ საზოგადოებას იურიდიული მისამართი არ შეუცვლია. სააპელაციო პალატას ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ არასწორად განუსაზღვრა მხარეს 2006 წლის 14 თებერვლის განჩინების გასაჩივრების წესი, რადგან აღნიშნული განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა გასაჩივრებულიყო არა სააპელაციო, არამედ კერძო საჩივრით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებისას განხილულ უნდა იქნეს შპს “ლ...ის” კერძო და არა სააპელაციო საჩივარი, რის შედეგად საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ ცნობილ იქნება უკანონოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ლ...ს” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას სავსებით სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი, რომლის თანახმად მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მითითებული ნორმით კანონმდებელი დაინტერესებულ მხარეს ვალდებულებას აკისრებს, აცნობოს თავისი მისამართი სასამართლოს, აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობა კი, ფაქტობრივად, ართმევს მხარეს მისთვის მინიჭებულ საპროცესო უფლებას _ მიიღოს სასამართლო უწყება ან გზავნილი. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს “ლ...ს” სასამართლო გზავნილი საქმეში მითითებულ მისამართზე არა ერთხელ _ 2006 წლის 30 მაისს, 16 ივნისსა და 8 ნოემბერს გაეგზავნა, თუმცა იგი მხარეს არ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ ორგანიზაცია დაკეტილი იყო და დასახელებულ მისამართზე ადრესატი არ იმყოფებოდა.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ შპს “ლ...სათვის” ხარვეზის განჩინების ჩასაბარებლად კანონით გათვალისწინებული ღონისძიებანი შეასრულა, თუმცა, როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით _ საფოსტო უწყებებით ირკვევა, აპელანტი საზოგადოება 2006 წლის 30 მაისიდან 8 ნოემბრის ჩათვლით სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე არ იმყოფებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ შპს “ლ...სათვის” ხარვეზის განჩინება ჩაბარებულად მართებულად ჩათვალა და სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. განსახილველ შემთხვევაში შპს “ლ...ს” სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ამავე სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის განჩინების გასაჩივრების წესი და მხარეს კერძო საჩივრის ნაცვლად, დაუდგინა სააპელაციო საჩივრის შეტანა, ვინაიდან საქალაქო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინებით უცვლელად დარჩა ამავე კოლეგიის 2005 წლის 25 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით. ამდენად, მითითებული ნორმა ცალსახად განსაზღვრავს, რომ სადავო განჩინებაზე მხარემ უნდა შეიტანოს სააპელაციო საჩივარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს “ლ...ს” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ლ...ს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.