Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №272აპ-17 ქ. თბილისი

ლ-ე ვ 272აპ-17 11 ოქტომბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ვ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 10 ივლისიდან. მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

განაჩენით ვ. ლ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 15:50 საათზე, ქ-ი, ბ-ს ქუჩაზე, ვ. ლ-მ, რომელიც მართავდა ,,სუბარუ ფორესტერის’’ მოდელის ავტომობილს სახ.#..., დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33.1 და 33.2 მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით, საგზაო პირობების უგულებელყოფით, წინ მიმავალი ავტომანქანის გასწრების მიზნით, გადავიდა სავალი გზის საპირისპირო ზოლში, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და უკიდურეს მარცხენა მხარეს, გვერდულზე-საფეხმავლო ტროტუარზე, თავდაპირველად შეეჯახა ბ-ს ქ. №..-ში განთავსებულ სასურსათო მაღაზიას, რის შემდეგაც დაეჯახა გვერდულზე ქვეითად მყოფ, მცირეწლოვან ნ. მ-ს და ც. მ-ს. დაჯახების შედეგად ც. მ-მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო ნ. მ-ე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე ჭაბუკიანმა და მსჯავრდებულმა ვ. ლ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-ა.

პროკურორი ალექსანდრე ჭაბუკიანი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ვ. ლ-ს უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველი - სასჯელის შემსუბუქებას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ვ. ლ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა დადასტურებულად მიიჩნია საქმეში წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - შ. თ-ს, თ. ჩ-ს, ლ. თ-ს, ბ. ჩ-ს, ა. ჯ-ს, რ. ლ-ს, მ. ბ-ს, მ. კ-ს, რ. მ-ს, რ. ა-ს, ლ. ა-ს, ლ. შ-ს, გ. კ-ს, თ. ხ-ს, ი. გ-ს, ო. ხ-ს, გ. ხ-ს, ო. ს-ს, გ. გ-ს, კ. კ-ს, გ. გ-ს, გ. ა-ს, ზ. გ-ს, ი. ც-ს, ს. ძ-ს, მ. მ-ს ჩვენებებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. მ-ს ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სქემით, ვიდეოფირის დათვალიერების ოქმებით, ტანსაცმლის დათვალიერების ოქმებით, ავტოტრასოლოგიური, ავტოტექნიკური, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზათა დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ვ. ლ-ს სასჯელის განსაზღვრისას 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (საქმის მასალებით დადგენილია, რომ გამოძიების დაწყების ეტაპიდან ვ. ლ-მ აღიარა ჩადენილი დანაშაული და გულწრფელად მოინანია იგი, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება, არ არის ნასამართლევი, ამასთან, მხედველობაში მისაღებია მსჯავრდებულის ქმედებით გამოწვეული მძიმე შედეგი), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება; სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, პირის რესოციალიზაცია და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სასჯელი საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის სანქციის ფარგლებში.

5. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ლ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-ა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით ვ. ლ-ს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს ვ. ლ-ს შეფარდებულ სასჯელს. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ვ. ლ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

8. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი