ას-361-713-07 7 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე რ. ნადირიანმა
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. ა-ს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ა-ს სარჩელი ნ. შ-სა და ნოტარიუს ლ. გ-ს მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ა-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის სასამართლო სხდომაზე მხარებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, რის საფუძველზეც განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება. ამასთანავე მხარეებმა წერილობითი ფორმით უარი განაცხადეს მის გასაჩივრებაზე.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ა-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რადგან მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან მუქარისა და დაშინების გამო, იძულებული იყო მორიგების აქტს დათანხმებოდა იმ იმედით, რომ სააპელაციო სასამართლო კანონსაწინააღმდეგო და მიკერძოებულ პირობებს არ დაეთანხმებოდა და მორიგების აქტს არ დაამტკიცებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა ვ. ა-ს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 370-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება. მითითებული მუხლის მიხედვით, სააპელაციო გასაჩივრებაზე უარის თქმა მხარის უფლებაა, რომლის დროსაც მხარე, რომელმაც უარი განაცხადა, კარგავს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2007 წლის 5 აპრილს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, ითხოვეს მისი დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა, რაც სააპელაციო სასამართლომ განჩინებით დააკმაყოფილდა. ამასთანავე დადგენილია, რომ მხარეები წერილობით დაეთანხმნენ განჩინებას და უარი განაცხადეს მის გასაჩივრებაზე, რაც დაადასტურეს პირადი ხელმოწერით. (ს.ფ. 177)
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. ა-ს კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინების გასაჩივრებაზე უარის თქმის გამო დაუშვებელია, რის გამოც განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ა-ს კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.