საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №279აპ-17 ქ. თბილისი
ც-ე შ, 279აპ-17 11 ოქტომბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ც-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 იანვრის განაჩენით შ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (ვ. ც-ს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 120-ე მუხლით (თ. კ-ს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით შ. ც-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
შ. ც-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. მასვე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 2 სექტემბრიდან იმავე წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით ჩაეთვალა სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით 2016 წლის 11 ნოემბერს შ. ც-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს - 8000 ლარის უზრუნველსაყოფად შ. ც-ს (პირადი №....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართი - 1862.00 კვ.მ), მდებარე: თ-ი, სოფელ ფ-ი (საკადასტრო კოდი №.....) დადებული ყადაღა.
განაჩენით შ. ც-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 00:10 საათზე, თ-ი, მეტროს სადგურ ,,ს-ს” მიმდებარედ არსებულ რესტორან ,,კ-ნ”, ნასვამ ბიძაშვილებს - შ. და ვ. ც-ს, იმის გამო, რომ წარსულში ჰქონდათ უთანხმოება, კვლავ მოუვიდათ შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. შ. ც-მ შურისძიების მოტივით, თანნაქონი დანით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებები მიაყენა ვ. ც-ს და მის თანმხლებ თ. კ-ს, ვ. ც-ს - მარჯვენა მკლავში, ხოლო თ. კ-ს - ზურგის არეში. შ. ც-მ ფიზიკური დაპირისპირებისას აღნიშნული დანა შემთხვევით მოარტყა თავის თანმხლებ ი. ყ-ს გულმკერდის არეში, რომელიც მანვე გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული დაზიანებების შედეგად იგი გარდაიცვალა.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მიხეილ ჩხეიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულ შ. ც-ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
შ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (ვ. ც-ს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 120-ე მუხლით (თ. კ-ს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ შ. ც-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
შ. ც-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 22 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 2 სექტემბრიდან იმავე წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.
ცნობად იქნა მიღებული, რომ შ. ც-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია; ასევე უნდა გაუქმდეს გირაოს - 8000 ლარის უზრუნველსაყოფად შ. ც-ს (პირადი №...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართი - 1862.00 კვ.მ), მდებარე: თ-ი, სოფელ ფ-ი (საკადასტრო კოდი №....) დადებული ყადაღა.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა შემდეგი გარემოებები: ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რამაც შესაბამისად, ასახვა ვერ ჰპოვა სასჯელში, რადგან შ. ც-ს სასჯელის სახით განსაზღვრული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც შ. ც-ს შეეფარდა სასჯელი, ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე, ხოლო 120-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. შესაბამისად, მუხლის სანქცია დადგენილია მართლსაწინააღმდეგო შედეგისა და ნებელობითი ქცევის ხარისხის გათვალისწინებით. რაც შეეხება ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, გასათვალისწინებელია, რომ ნასვამმა შ. ც-მ მეტროს სადგურ ,,ს-ს” მიმდებარედ არსებულ რესტორან ,,კ-ნ” შურისძიების მოტივით, თანნაქონი დანით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებები მიაყენა ორ პირს, ხოლო მისი გაუფრთხილებელი ქმედებით სიცოცხლე მოესპო არასრულწლოვან ი. ყ-ს.
სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ პირობებში 1-ლი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება - მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელის პირობით ჩათვლა - აშკარად არ გამომდინარეობს სასჯელის მიზნებიდან.
საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ შ. ც-ე ნასამართლევი არ არის, ის აღიარებდა დანაშაულს, თანამშრომლობდა გამოძიებასთან და დაზარალებულებს, ასევე დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. თავისთავად, ეს გარემოებები უპირობოდ შემამსუბუქებელ გარემოებებს განეკუთვნება, თუმცა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შ. ც-ს დანიშნული სასჯელის სრულად პირობით ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. სასამართლომ თითოეული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნისას, შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, სააპელაციო პალატამ მიზანშეუწონლად მიიჩნია სასჯელის სრულად პირობით ჩათვლა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლის საფუძველი. მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი და მისი ნაწილის პირობით ჩათვლა (რაც შეესაბამება კანონის მოთხოვნებს) ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გაკიცხვის ხარისხი და მიღებული შედეგის სიმძიმე.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მარტის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა შ. ც-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ვ-ა, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ შ. ც-ს დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარე ასაჩივრებს მხოლოდ შეფარდებული სასჯელის ზომას და სადავოდ არ ხდის მსჯავრდებულისათვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა შ. ც-ნ მიმართებით შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სახე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ასევე - ინდივიდუალური მახასიათებლები. ამასთან, შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობებს.
8. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შ. ც-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი