Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №281აპ-17 ქ. თბილისი

დ-ე ა, 281აპ-17 11 ოქტომბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ა. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი, 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 2500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. გაუქმდა მსჯავრდებულ ა. დ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

განაჩენით ა. დ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ა. დ-მ 2016 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 01:36 საათზე, ქ.ბ-ი, ა-ს გზატკეცილის №..-ში მდებარე ,,ვ-ს’’ ფირმის ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, მოატყუა ოპერატორი ნ. დ-ე, რომ, თითქოს, მას შპს ,,ა--7-ის“ საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ,,მიცუბისში’’ (სახ. №....) საწვავის ბარათი, საწარმოს უფლებამოსილ პირებთან შეთანხმებით, მართლზომიერად ჰქონდა და შეეძლო საწვავის მიღება ფირმის ხარჯზე, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგანაც საწვავის ბარათს იგი დაეუფლა უნებართვოდ. ა. დ-მ, აღნიშნული ბარათის მოტყუებით გამოყენების გზით, მართლსაწიინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ,,ვ-ს’’ ფირმის ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორ ნ. დ-ს ჯამურად 105 ლიტრი ბენზინი ჩაასხმევინა კუთვნილ ,,სუბარუ ფორესტერის“ (სახ. №....) ფირმის ავტომანქანაში და მისი თანმხლები პირის, ჯ. ლ-ს ,,მერსედესის’’ (სახ.№....) ფირმის ავტომანქანაში. ა. დ-მ მოტყუებით დაუფლებული საწვავი გამოიყენა პირადი მიზნებისათვის და შპს ,,ა-7-ს” მიაყენა 166,97 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ა. დ-მ 2016 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 00:20 საათზე, ქ.ბ-ი, ა-ს გზატკეცილის №..-ში მდებარე ,,ვ---ს’’ ფირმის ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, მოატყუა ოპერატორი ნ. დ-ე, რომ, თითქოს, მას შპს ,,ა-7-ის” საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ,,მიცუბისში’’ (სახ. №....) საწვავის ბარათი, საწარმოს უფლებამოსილ პირებთან შეთანხმებით, მართლზომიერად ჰქონდა და შეეძლო საწვავის მიღება ფირმის ხარჯზე, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგანაც საწვავის ბარათს იგი დაეუფლა ფარულად. ა. დ-მ, აღნიშნული ბარათის მოტყუებით გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ,,ვ-ს’’ ფირმის ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორ ნ. დ-ს 58,70 ლიტრი ბენზინი ჩაასხმევინა კუთვნილ ,,სუბარუ ფორესტერის’’ (სახ. №....) ფირმის ავტომანქანაში. მან მოტყუებით დაუფლებული საწვავი გამოიყენა პირადი მიზნებისათვის და შპს ,,ა-7-ს” მიაყენა 93,33 ლარის ქონებრივი ზიანი.

ა. დ-მ 2016 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით 22:58 საათზე, ქ.ბ-ი, ა-ს გზატკეცილის №...-ში მდებარე ,,ვ-ს’’ ფირმის ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, მოატყუა ოპერატორი მ. ჯ-ე, რომ, თითქოს, მას შპს ,,ა-7-ის’’ საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ,,მიცუბისში’’ (სახ. №...) საწვავის ბარათი საწარმოს უფლებამოსილ პირებთან შეთანხმებით, მართლზომიერად ჰქონდა და შეეძლო საწვავის მიღება ფირმის ხარჯზე, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგანაც საწვავის ბარათს იგი დაეუფლა ფარულად. ა. დ-მ, აღნიშნული ბარათის მოტყუებით გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ,,ვ-ს’’ ფირმის ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორ მ. ჯ-ს 77,00 ლიტრი ბენზინი ჩაასხმევინა კუთვნილ ,,სუბარუ ფორესტერის’’ (სახ. №....) ფირმის ავტომანქანასა და ავზებში. მან მოტყუებით დაუფლებული საწვავი გამოიყენა პირადი მიზნებისათვის და შპს ,,ა-7-ს’’ მიაყენა 122,43 ლარის ქონებრივი ზიანი.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა, რომელიც ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ა. დ-ს უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა. დ-მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ა. დ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი პიროვნება, ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ზიანი ანაზღაურებულია, რის გამოც დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა. დ-ს განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია, რადგან სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

5. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განაჩენი გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ ა. დ-ს უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ შეფარდებული სასჯელის ზომას. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ მოტივაციას, რომლიდან გამომდინარეც აღნიშნული მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი