Facebook Twitter

ას-366-616-08 9 ივლისი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ი.-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ა. კ.-ი, ს. ს.-ე (მოპასუხეები)

დავის საგანი – რეალური წილის გამოყოფა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

აღწერილობითი ნაწილი

ნ. ი.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების – ს. ს.-ისა და ა. კ.-ის მიმართ და მიუთითა, რომ მისი სასარჩელო განცხადება მემკვიდრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹60-ში მდებარე ვ. ს.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის 1\3-ის ნახევრის ანუ ნაწილის მემკვიდრედ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 4 ივლისს, ამოწერილ იქნა სააღსრულებო ფურცელი, მაგრამ მოპასუხე მხარე საცხოვრებელ ფართში არ უშვებს.

მოპასუხე ს. ს.-მ შესაგებელი შეიტანა სასამართლოში.

მოპასუხემ მოითხოვა უარი ეთქვას ნ. ი.-ის სასარჩელო მოთხოვნას მისი არასრულყოფილების გამო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს სასარჩელო განცხადებას სრულყოფილად გათვალისწინებულ იქნეს ის, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია სპეციალური ცოდნის გარეშე გამოიყოს რეალური წილი და ასევე ის გარემოება, რომ ფართი, რომლის დასაკუთრებასაც ცდილობს მოსარჩელე, აშენებული და გარემონტებულია მის მიერ და დახარჯული თანხის ანაზღაურების გარეშე ვერ გადავა სადავო ფართი მის რეალურ მფლობელობაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ი.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ი.-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 მარტის განჩინებით აპელანტს მიეცა 7 – დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 მარტის განჩინებით ნ. ი.-ის სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ი.-მ. მან მიუთითა, რომ იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ერთიან ბაზაში, რის გამოც იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ნ. ი.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 5 მარტის განჩინებით ნ. ი.-ის სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად იმის გამო, რომ სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ნ. ი.-ს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 - დღიანი ვადა მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ნ. ი.-ს განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 7 მარტს, მაგრამ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, არ გადაიხადა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ, მას ხარვეზი უნდა შეევსო განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, ე.ი. 2008 წლის 14 მარტის ჩათვლით. ვინაიდან ნ. ი.-მ ხარვეზი არ შეავსო, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ნ. ი.-ის მითითებას იმის შესახებ, რომ იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ამიტომ იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, ნ. ი.-მ წარმოადგინა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, მაგრამ მასში მითითებული არ არის, რომ იგი იღებს საარსებო შემწეობას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. ი.-ი არ თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ი.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 მარტის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.