¹ბს-104-83-კ-05 10 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: საპენსიო დანამატის უკან დახევით დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
ბ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, დანამატის _ თვეში 7 ლარის ოდენობით დანიშვნა, ასევე, ზემომითითებული კანონის ძალაში შესვლის დღიდან 84 თვის განმავლობაში გაუცემელი დანამატის _ 588 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი იყო დიდი სამამულო ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი, პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, მრავალგზის დაჯილდოებული სხვადასხვა ჯილდოებით, მათ შორის, მედლით _ “1941-45 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვებისათვის”.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მის სასარგებლოდ დაეკისრა პენსიაზე 7 ლარის დანამატი, დანიშვნა ყოველთვიურად 2004წ. მარტიდან. ასევე, მოპასუხეს დაეკისრა ერთიწ. გაუცემელი საპენსიო დანამატის სხვაობის, თვეში _ 84 ლარის ოდენობით, ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 დეკემბრის განჩინებით ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. გ-ე არის დიდი სამამულო ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი, დაჯილდოებულია მედლით “1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვებისათვის” და მასზე ვრცელდება “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული კანონის 50-ე მუხლი, რადგანაც კანონის დასახელებული ნორმა ითვალისწინებს თანხის ერთიწ. უკან დახევით გაცემას, როდესაც პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება, მაგრამ დროულად ვერ მიმართა საპენსიო ორგანოს ამის მოთხოვნით. საქმეში კი არ მოიპოვება მტკიცებულება იმისა, რომ ბ. გ-ემ 1997 წელს მიმართა საპენსიო ორგანოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ. გ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ მთელი სისრულით არ გამოიყენა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით დადგენილი ნორმა, საპენსიო კანონის ძალაში შესვლისა და პენსიის დანამატის დანიშვნაზე მისი უფლების წარმოშობის დღიდან _ 1997წ. 1 იანვრიდან პენსიის დანამატის _ თვეში 7 ლარის დანიშვნის შესახებ.
ასევე, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა და გამოიყენა ზემოაღნიშნული კანონის 50-ე მუხლი, რის შედეგადაც დაუშვა მისი უფლების დარღვევა.
კასატორი მიუთითებს, ასევე, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 384-ე მუხლის “ე” პუნქტით დადგენილი ნორმა. გასაჩივრებული განჩინება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, რის გამოც შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 დეკემბრის განჩინება.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ბ. გ-ე არის დიდი სამამულო ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი. ამასთან, იგი არის პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, რომელსაც შსს ორგანოებში მუშაობის 33წ. სტაჟი გააჩნია. სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შს ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის განყოფილების 6.01.2003 წ. ¹12272 ცნობის თანახმად, ბ. გ-ეს დანიშნული აქვს პენსია შს სამინისტროს ხაზით წელთა ნამსახურობისათვის.
“სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები.
აღნიშნული კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულია პენსიის შემდეგი სახეობები: წელთა ნამსახურობისათვის, ინვალიდობისათვის და მარჩენლის დაკარგვის გამო.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ ბ. გ-ე წარმოადგენს აღნიშნული კანონით საპენსიო უზრუნველყოფას დაქვემდებარებულ პირს. არის საქართველოს, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილი პოლკოვნიკი, რომელსაც პენსია დანიშნული აქვს წელთა ნამსახურობისათვის. ამავე დროს არის დიდი სამამულო ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი და დაჯილდოებულია მედლით _ “1941-45 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვებისათვის”. ამდენად, ბ. გ-ე აკმაყოფილებს კანონის 41-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებს, რომელიც ითვალისწინებს პენსიონერთა ზოგიერთი კატეგორიისათვის პენსიის მომატებას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ. გ-ის მოთხოვნა კანონის ამოქმედებიდან საპენსიო დანამატის ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ზემოაღნიშნული კანონის 50-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ პირთა და ოჯახის წევრთა პენსიების ოდენობაში ცვლილებების შეტანის ვითარების წარმოქმნისას გადაანგარიშება წარმოებს მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და არ მიმართა სათანადო ორგანოს პენსიის მისაღებად, მაშინ მას სხვაობა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის მიეცემა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის თვეს.
საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ კასატორმა ზემომითითებული ნორმის საფუძველზე მიმართა სათანადო ორგანოს პენსიის მომატების მოთხოვნით და მას უარი ეთქვა პენსიის მომატებაზე. უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ იგი მიმართავდა კომპეტენტურ ორგანოებს პენსიის მომატების თაობაზე, მაგრამ პენსია არ მოემატა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის ზემოაღნიშნული მოსაზრება საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლი პენსიის მომატებას უკავშირებს სათანადო ორგანოსათვის მიმართვას და სხვაობის ანაზღაურებას წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის თვეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.