¹ას-371-690-09 22 ივნისი, 2009წ.
¹ თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ე. ო-ოვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ნ-შვილი, დ. ლ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ Qთბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობების გაგრძელება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 3 დეკემბერს ე. ო-ოვმა სარჩელით მიმართა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ნ. ნ-შვილისა და დ. ლ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებს დავალებოდათ დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. ზემო ...ში განთავსებულ ადგილ „ჩ-ის“ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 630,0 ჰა ფართის მიწის ნაკვეთზე იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება (ტ.1, ს.ფ. 3).
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ო-ოვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 135-138).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ო-ოვმა (წარმომადგენელი ვ. კ-ძე), რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განჩინებით ე. ო-ოვის (წარმომადგენელი ვ. კ-ძე) სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი მისი მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მოპასუხეთა შუამდგომლობის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლო უწყებები აპელანტ ე. ო-ოვსა და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართზე (საგარეჯოს რაიონი, სოფ. იორმუღანლო და ქ.რუსთავი, ... პირველი ჩიხი 3-32), უწყება ე. ო-ოვს ჩაბარდა პირადად, ხოლო მის წარმომადგენელ ვ. კ-ძეს _ მეუღლის მ. ბ-შვილის მეშვეობით, რაც დასტურდება მათი ხელმოწერებით (ტ.2, ს.ფ. 40,44);
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია აგრეთვე, რომ აპელანტსა და მის წარმომადგენელს სასამართლოსათვის არ უცნობებიათ გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზის თაობაზე და რომ მათგან ასევე არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე (ტ.2, ს.ფ.48-50).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ო-ოვმა (წარმომადგენელი ვ. კ-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თვითონ და მისი წარმომადგენელი ვ. კ-ძე არ იყვნენ ინფორმირებულნი სასამართლო პროცესის ჩატარების თაობაზე; კერძოდ, მის წარმომადგენელ ვ. კ-ძეს სასამართლო უწყება ჩაბარდა არა 2009 წლის 11 მარტს სასამართლო სხდომის გამართვის შესახებ, არამედ _ 2009 წლის 19 მარტს 11 საათზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მათთვის უცნობი იყო სასამართლო პროცესის 2009 წლის 11 მარტისათვის დანიშვნის შესახებ.
კერძო საჩივრის ავტორმა კერძო საჩივარს თან დაურთო იმ უწყების დედანი, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეები სასამართლო სხდომაზე დაბარებულნი იყვნენ არა 2009 წლის 11 მარტს, არამედ 2009 წლის 19 მარტს 11 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ო-ოვის (წარმომადგენელი ვ. კ-ძე) კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის მიხედვით (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით, ხოლო 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისთვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაბარდეს პირადად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში უწყების ჩაბარებაში იგულისხმება ადრესატის ინფორმირება სასამართლო სხდომის შესახებ უტყუარი ინფორმაციით, რაც გამორიცხავს მისი შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვეაში, კერძო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მხარე სწორად არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის დროის შესახებ, რის დამადასტურებლად წარმოდგენილია მხარის მიერ ჩაბარებული სასამართლო უწყება. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ მსჯელობას არ იზიარებს. კერძო საჩივრის ავტორის მიერ თავისი მსჯელობის სისწორის დამადასტურებლად წარმოდგენილი უწყება გაგზავნილია სრულიად სხვა საქმეზე იმავე მხარეების მონაწილეობით, უწყებაში მითითებული საქმის ნომერია ¹2ბ/2122.08, დავის საგანია ზარალის ანაზღაურება, საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთა, ხოლო საქმის განმხილველი მომხსენებელი მოსამართლე – თ. ე-შვილი. მოცემული საქმის სააპელაციო წარმოების ნომერი კი არის ¹2ბ/2121-08, დავის საგანი _ იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობების გაგრძელება, ხოლო საქმის განმხილველი მომხსენებელი მოსამართლე _ გ. გ-შვილი. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ კერძო საჩივარზე თანდართული უწყება გაგზავნილია მოცემულ საქმეზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპალაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმის მასალების თანახმად, 2009 წლის 11 მარტის სხდომის შესახებ მხარეები კანონით დადგენილი წესით იყვნენ ინფორმირებულნი, კერძოდ, უწყება ჩაბარებული აქვს წარმომადგენელ ვ. კ-ძეს მისი ოჯახის წევრის მეშვეობით 2009 წლის 27 იანვარს (ტ.2, ს.ფ. 16), ხოლო ე. ო-ოვს _ 2009 წლის 1 თებერვალს (ტ.2, ს.ფ.40).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ო-ოვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.