Facebook Twitter

ას-371-722-07 3 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. რ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-მ 2006 წლის 4 მაისს სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ე. რ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 1700 აშშ დოლარისა და 2005 წლის 10 თებერვლიდან ყოველთვიურად 4%-ის გადახდის დაკისრება სესხის ძირითადი თანხის დაფარვამდე, გადაუხდელობის შემთხვევაში კი - მოპასუხის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის იძულებით აუქციონზე გაყიდვა.

2006 წლის 2 ივნისს მოპასუხე ე. რ-ე გარდაიცვალა, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება, ხოლო ამავე სასამართლოს 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინებით კი საქმის წარმოება განახლდა და მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი შვილი ე. რ-ე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 1700 აშშ დოლარის და 2005 წლის 10 თებერვლიდან ყოველთვიურად 51 აშშ დოლარის გადახდა დავალიანების სრულად გადახდის დროისათვის არსებული კურსის მიხედვით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. რ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 მარტის განჩინებით აპელანტს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეორე, მეხუთე და პირველი ნაწილის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებიათ, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა, არ იყო აღნიშნული ის გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, აგრეთვე, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. სააპელაციო საჩივრის ავტორს მიეცა 15 - დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. მითითებული განჩინება ე. რ-ს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით, თუმცა მან 2007 წლის 12 მარტს უარი განაცხადა მის ჩაბარებაზე.

2007 წლის 26 მარტს აპელანტმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის ნაწილობრივ შევსების შესახებ, რომელსაც ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის - 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, დანარჩენ ნაწილში კი სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეავსო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 მარტის განჩინებით ე. რ-ს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის გამოსწორების ვადა 7 დღით.

ე. რ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის მინიმუმადე შემცირება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის განჩინებით ე. რ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. რ-მ და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა კერძო საჩივარი და თვლის, რომ ე. რ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 9 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, ასევე არ იყო მითითებული სააპელაციო საჩივრის საფუძვლები. მას ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან (ს.ფ.42). ე. რ-მ ნაწილობრივ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 მარტის განჩინებით მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად. 2007 წლის 11 აპრილს მან კვლავ მიმართა სასამართლოს განცხადებით და სახელმწიფო ბაჟის მინიმუმამდე შემცირება მოითხოვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის განჩინებით ე. რ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი განუხილევლად. სააპელაციო სასამართლოს ე. რ-სათვის უნდა გაეგრძელებინა ვადა ხარვეზის შესავსებად. სასამართლო ვალდებული იყო, თუ არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის შემცირების საფუძველი უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე და ხელახლა მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ჯერ უნდა განიხილოს და იმსჯელოს ე. რ-ის განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის შემცირებასთან დაკავშირებით და თუ ჩათვლის, რომ არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი, ხელახლა მისცეს ვადა ხარვეზის შესავსებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად ე. რ-ის სააპელაციო საჩივარი, რის გამოც უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება და დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად გადაეგზავნოს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. რ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განჩინება და საქმე დასაშვებობის შესამოწმებლად გადაეგზავნოს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.