ას-373-724-07 25 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ სს “ქ...ა” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “მ...ი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “ქ...მ” განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2001 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს “მ...ს” სარჩელი სს “ქ...ის” მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 32754,54 ლარის გადახდა. განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილად მიიჩნია შემდეგი გარემოება: თერჯოლის რაიონული სასამართლოს განაჩენით დადგინდა, რომ ის დოკუმენტი, რომელსაც გასაჩივრებული 2001 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. რაიონული სასამართლოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დატოვა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2007 წლის 26 იანვრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტსა და 429-ე მუხლზე დაყრდნობით, სს “ქ...ის” განცხადება განუხილველი დატოვა, ვინაიდან მხარემ სადავო დოკუმენტის სიყალბის დამადასტურებელი სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა სათანადოდ ვერ დაადასტურა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს “ქ...მ” შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგ გარემოებათა გამო: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2001 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. მ-ს მიერ სს “ქ...სთან” გაყალბებული ხელშეკრულების დადების საფუძველზე სააქციო საზოგადოებას დაეკისრა 32754,54 ლარის გადახდა. თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის განაჩენით მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისიწნებულ დანაშაულში. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დარჩა უცვლელი, რაც მ. მ-ს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინებით დაზარალებულ ე. მ-ს საკასაციო საჩივარი მ. მ-ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე არ იქნა დაშვებული, რაც იმას მოწმობს, რომ თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის განაჩენი მოცემულ საქმეზე შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია და განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემეობათა გამო დაუსაბუთებლად უთხრა უარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ქ...ის” კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2001 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ სს “ქ...ის” განცხადების დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხი, რა დროსაც სასამართლო არკვევს განცხადების დასაშვებობის ისეთ პირობებს, როგორიცაა განცხადების შეტანაზე განმცხადებლის უფლებამოსილება, განცხადების შეტანის ვადის დაცვა, სახელმწიფო ბაჟის გადახდა და სხვა. ამდენად, მითითებულ ეტაპზე დგინდება, შეტანილია თუ არა განცხადება კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის შემდეგ იხილება განცხადების დასაბუთებულობა.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სს “ქ...ის” განცხადება დაუშვებლად მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ მხარემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, ვერ დაადასტურა იმ დოკუმენტის სიყალბე, რომელსაც კანონიერ ძალაში შესული გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება, კერძოდ, ვერ წარადგინა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლი და სს “ქ...ის” განცხადება არასწორად დატოვა განუხილველი მაშინ, როდესაც, ფაქტობრივად, იმსჯელა მითითებული განცხადების დასაბუთებაზე და არ გაიზიარა განმცხადებლის მიერ აღნიშნული საფუძვლები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სს “ქ...მ” საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინების ასლი, რომლითაც უცვლელი დარჩა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის განაჩენი მ. მ-ს მიმართ, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინება, რომლის მიხედვით დაზარალებულ ე. მ-ს საკასაციო საჩივარი მ. მ-ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე არ იქნა დაშვებული, რაც იმას მოწმობს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე შევიდა კანონიერ ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ქ...ის” კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2001 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ სს “ქ...ის” განცხადების დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.