Facebook Twitter

¹ას-374-623-08 2 ივნისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. თ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ., ნ. და მ. ს-ები, რ., მ. და შ. მ-ები, ო. და ი. ჟ-ები, ზ. უ-ა, რ. და ნ. თ-ები, მ. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. თ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ ჯ., ნ. და მ. ს-ების, რ., მ. და შ. მ-ების, ო. და ი. ჟ-ების, ზ. უ-ას, რ. და ნ. თ-ების, მ. ა-ის, ზ. მ-ის, დ. ჩ-ას, ა., თ., დ., მ. და ნ. ნ-ების მიმართ უკანონო მფლობელობიდად ნივთის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლით: საქართველოს ........ კავშირმა 1996 წლის 18 აპრილს ¹....... სარეგისტრაციო მოწმობით მოსარჩელეს შემოქმედებითი სახელოსნოს მოსაწყობად გადასცა ქ. თბილისში, ......... მე-3 მკ/რ-ში მდებარე «სავაჭრო ცენტრის» მეორე სართულზე არსებული 150 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, რომელსაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ სადავო ფართი მათ დაიკავეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ნებართვით.

საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 ივლისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, ზ. მ-ის მიმართ, ხოლო 2007 წლის 29 ივლისის განჩინებით, დ. ჩ-ას, ა., თ., დ., მ. და ნ. ნ-ების მიმართ სარჩელზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოება შეწყდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. თ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინებით ზ. თ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 160 ლარის გადახდა. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს ჩაბარდა 2008 წლის 11 მარტს, ხოლო მის წარმომადგენელ ნ. ა-ეს _ 19 მარტს. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 63-ე მუხლებით, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და ჩათვალა, რომ ზ. თ-ას სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და აპელანტის მიერ 2008 წლის 24 მარტს წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი უნდა დარჩეს განუხილველი, ვინაიდან ზ. თ-ას ხარვეზის შევსების ვადა ამოეწურა 2008 წლის 21 მარტს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. თ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენისას სასამართლომ მხარეს დაავალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 160 ლარის შესაბამის რეკვიზიტებზე გადახდა. აღნიშნული მოთხოვნა აპელანტმა შეასრულა და ხარვეზის განჩინების ჩაბარებიდან რამდენიმე დღეში _ 2008 წლის 13 მარტს სახელმწიფო ბაჟი სრულად გადაიხადა. სხვა სახის მითითებას სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავდა. ამდენად, პალატამ არასწორად მიუთითა, რომ აპელანტს ხარვეზი დროულად არ შეუვსია.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ზ. თ-ას სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 10-დღიანია ვადა განჩინებაში მითითებულ რეკვიზიტებზე 160 ლარის გადასახდელად. აღნიშნული განჩინების ასლი ზ. თ-ას 2008 წლის 11 მარტს, ხოლო მის წარმომადგენელ ნ. ა-ეს _ 19 მარტს ჩაბარდათ.

2008 წლის 24 მარტს ზ. თ-ამ სასამართლოს წარუდგინა მის მიერ 2008 წლის 13 მარტს 160 ლარის საგადასახადო დავალება.

სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის შევსების ვადა აითვალა 2008 წლის 11 მარტიდან და ჩათვალა, რომ აპელანტმა ხარვეზი დროულად არ გამოასწორა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. თ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო თავისი განჩინებით ზუსტად განუსაზღვრავს აპელანტს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელთა განხორციელებაც მოცემული ხარვეზის გამოსასწორებლად აუცილებელია და აღნიშნულისათვის უდგენს გარკვეულ ვადას.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინებით აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო გადახდის ქვითრის სასამართლოში წარმოდგენის აუცილებლობის თაობაზე სასამართლოს არ მიუთითებია. აღნიშნული ვადა ამოიწურა 2008 წლის 21 მარტს. საქმის მასალებით წარმოდგენილი საგადასახადო დავალებით კი დასტურდება, რომ აპელანტმა შესაბამისი თანხა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში _ 13 მარტს გადაიხადა, მაგრამ იგი სასამართლოში არ წარუდგენია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინება არ შეიცავდა რა მითითებას იმის შესახებ, რომ მხარეს სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი სასამართლოში უნდა წარმოედგინა, უსაფუძვლოა გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ მხარემ სასამართლოს მოთხოვნა დროულად არ შეასრულა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. თ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.