ას-376-727-07 20 ივნისი, 2007წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “-- -- --”
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 8 ნოემბერს შპს “-- -- --” სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ა. ჩ-ის, მ. მ-ის, ვ. მ-სა და სხვათა მიმართ და მოითხოვა თითოეულთან ცალ-ცალკე დადებული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება და მათთვის საიჯარო ქირის დაკისრება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “-- -- --” დირექტორ ც. მ-ის სარჩელი მოპასუხეების: ა. ჩ-ის, მ. მ-ის, ვ. მ-სა და სხვათა მიმართ თითოეულთან ცალ-ცალკე დადებული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმებისა და საიჯარო ქირის გადახდევინების დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს “-- -- --” და თითოეულ მოპასუხეს შორის ცალ-ცალკე დადებული საიჯარო ხელშეკრულებები, მათ შორის ა. ჩ-სთან და თითოეულს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ინვენტარის დაბრუნებამდე შესაბამისი ოდენობით ქირის გადახდა ყოველთვიურად, კერძოდ, ა. ჩ-ს შპს “-- -- --” სასარგებლოდ დაეკისრა 2006 წლის ოქტომბრიდან მოსარჩელე შპს “-- -- --” საიჯარო ინვენტარის დაბრუნებამდე ფულადი თანხის გადახდა თვეში 38 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო საამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა თითოეულს _ 150 ლარის ოდენობით.
აღნიშნული განჩინება ა. ჩ-სა და სხვებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდათ მათ მიერ მითითებულ მისამართებზე. (ს.ფ.440-450).
სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტებმა განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, წარმოადგინეს მ. ბ-ის სახელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი და მიუთითეს, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ერთიანი გადაწყვეტილება, სადაც ყველანი ერთიან მოპასუხეს წარმოადგენდნენ და, შესაბამისად, მათ ერთობლივად გაასაჩივრეს და ერთობლივად გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც მოითხოვეს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა განცხადება, მიიჩნია, რომ შპს “-- -- --” სარჩელი შეიტანა ინდივიდუალურად თითოეული მოპასუხის წინააღმდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლომაც ინდივიდუალურად დააკისრა საიჯარო ინვენტარის დაბრუნებამდე შესაბამისი ოდენობით ქირის გადახდა ყოველთიურად, მოსარჩელეს თითოეულის მიმართ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა ჰქონდა, ისინი დამოუკიდებელ მხარეებს წარმოადგენდნენ და, გასაჩივრების შემთხვევაში, დამოუკიდებლად იცავდნენ თავიანთ უფლებებს. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 მარტის განჩინებით ა. ჩ-სა და სხვებს 5 დღით გაუგრძელდათ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოსადგენად.
აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტებს გაეგზავნათ და ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით (ს.ფ.548-620).
სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტებმა იმავე თხოვნით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს, რომ მ. ბ-ის სახელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი ჩაეთვალა ხარვეზის შევსებად და Mმათი სააპელაციო საჩივარი მიეღო წარმოებაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით აპელანტ ა. ჩ-სა და სხვების სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანა ა. ჩ-მ განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მიიღო ერთიანი გადაწყვეტილება, სადაც ყველანი ერთიან მოპასუხეს წარმოადგენენ, შესაბამისად, მათ ერთობლივად გაასაჩივრეს და ერთობლივად გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იქნა შევსებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ა. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტ ა. ჩ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა 150 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. ასევე დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის განჩინებით ა. ჩ-ს 5 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოსადგენად. აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. (ს.ფ.556,592). სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ გამოასწორა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ; თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ერთიანი გადაწყვეტილება, სადაც ყველანი ერთად მოპასუხეს წარმოადგენდნენ, შესაბამისად, მათ ერთობლივად გაასაჩივრეს და ერთობლივად გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი და ხარვეზიც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსეს, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ შპს “-- -- --” სარჩელი შეიტანა ინდივიდუალურად თითოეული მოპასუხის წინააღმდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლომაც ინდივიდუალურად დააკისრა თითოეულს საიჯარო ინვენტარის დაბრუნებამდე შესაბამისი ოდენობით ქირის სახით ფულადი თანხის გადახდა ყოველთვიურად, მოსარჩელეს თითოეულის მიმართ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა ჰქონდა, ისინი დამოუკიდებელ მხარეებს წარმოადგენდნენ და გასაჩივრების შემთხვევაში, დამოუკიდებლად იცავენ თავიანთ უფლებებს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.