Facebook Twitter

ას-377-626-08 9 ივლისი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. და თ. ო.-ები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ც. ლ.-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – უძრავი ნივთის მიკუთვნება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ც. ლ.-მ ზ. და თ. ო.-ების წინააღმდეგ ნაჩუქრობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების გაყოფის თაობაზე.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ის 1991 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ზ. ო.-სთან, ჰყავთ ერთი შვილი ბ. ო.-ე, რომელიც დაიბადა 1991 წლის 18 თებერვალს; ორი წელია მხარეთა შორის ცოლქმრული ურთიერთობა შეწყვეტილია; მოსარჩელეს დაქირავებული აქვს სახლი, ხოლო მოპასუხე ზ. ო.-ს ჰყავს მეორე მეუღლე და ცხოვრობს მათ მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ სადავო ბინაში.

2005 წლის 19 სექტემბერს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით ზ. ო.-მ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება თბილისში, ...-ის მე-3 მ-რ-ში ¹20 კორპუსში მდებარე ბინა ¹27 აჩუქა მამას – მოპასუხე თ. ო.-ს, ამ უკანასკნელმა მოგვიანებით სს „გ.-თან“ დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ზემოაღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს იპოთეკის ხელშეკრულების უზრუნველყოფის საგანს.

მოსარჩელემ მოითხოვა ნაჩუქრობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და თბილისში, ...-ის მე-3 მ\რ-ში, ¹20 კორპუსში მდებარე ¹27 ბინის მესაკუთრედ ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ც. ლ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. და თ. ო.-ებმა, მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ზ. და თ. ო.-ებს განესაზღვრათ ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მათ სააპელაციო საჩივარზე არ ჰქონდათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი აპელანტებს გაეგზავნათ და ზ. ო.-ის დას – ი. ო.-ს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2007 წლის 16 ნოემბერს, რომლის თანახმადაც აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2007 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ზ. და თ. ო.-ების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

ზ. და თ. ო.-ეებმა კერძო საჩივარი შეიტანეს სასამართლოში და მიუთითეს, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ჩაჰბარდა ი. ო.-ს, რომელიც მათთან არ ცხოვრობს, მათ განჩინების შესახებ შეიტყვეს 22 ნოემბერს და ამის შემდეგ 27 ნოემბერს წარადგინეს სასამართლოში ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადება. ზ. და თ. ო.-ებმა მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ზ. და თ. ო.-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ზ. და თ. ო.-ებს განესაზღვრათ ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მათ სააპელაციო საჩივარზე არ ჰქონდათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი აპელანტებს გაეგზავნათ და ზ. და თ. ო.-ის დას – ი. ო.-ს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2007 წლის 16 ნოემბერს, რომლის თანახმადაც აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2007 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით (ს.ფ. 109).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ოჯახის წევრი არის პირი, რომელსაც გააჩნია უფლებები და ამავე დროს აკისრია ვალდებულებები, რომლებიც ეფუძნება საოჯახო სამართალურთიერთობას. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ სამართლის სხვადასხვა დარგები გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებენ იმ გარემოებებს, რომლებიც განსაზღვრავენ ამ პირის ოჯახთან კავშირის ხასიათს. აღნიშნული დამოკიდებულება განისაზღვრება კონკრეტული დარგის სამართლებრივი რეგულირების მიზნებით და მარეგულირებელი ურთიერთობების თავისებურებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პრველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეტყობინების და დაბარების ინსტიტუტი საპროცესო სამართალში ემორჩილება იმ კანონზომიერებებს, რომლებიც დამახასიათებელია ზოგადად სამოქალაქო საპროცესო რეგულირებისათვის და ემსახურება საპროცესო სამართლებრივი რეგულირების მიზნებს. უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული მიზნები და თავისებურებები ვლინდება იმაში, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნეს ყოველი პირის უფლების სასამართლო წესით დაცვა, მაგრამ ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეებს თავიანთი უფლებების სასამართლო წესით დაცვის პროცესუალური მექანიზმების განხორცილებებისას ასევე აკისრიათ პროცესუალური ვალდებულებები.

კონკრეტულ შემთხვევაში, განსახილველი ნორმის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, რომელსაც წარმოეშობა გარკვეული პროცესუალური ვალდებულებები. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ გამოსაძახებელი პირის მიერ მითითებულ მისამართზე მისი არყოფნის შემთხვევაში ამავე მისამართზე სხვა პირის მიერ შეტყობინების ჩაბარება უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ეს უკანასკნელი არის გამოსაძახებელი პირის ოჯახის წევრი. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, ამ პირის მიერ უწყების ჩაბარების მომენტიდან მას წარმოეშობა ამ უწყების (შეტყობინები) ადრესატისათვის გადაცემის ვალდებულება. ოჯახის წევრისათვის უწყების (შეტყობინები) ჩაბარებაზე ვრცელდება პრეზუმფცია, რომელიც გულისხმობს, რომ ოჯახის წევრისათვის უწყების ჩაბარება ნიშნვს მისი ჩაბარებას ადრესატისთვის, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დასტურდება მიმღები პირის (ოჯახის წევრის) ხელმოწერით და ადრესატთან დამოკიდებულების მითითებით.

აღნიშნული სამართლებრივი დანაწესიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი იმის შესახებ, რომ უწყების (შტყობინები) მიმღები პირი არ იყო მხარის ოჯახის წევრი, აკისრია გამოსაძახებელ მხარეს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზ. და თ. ო.-ებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება პროცესუალური ნორმის დარღვევის ფაქტი, გარემოება, რომელიც გამორიცხავს იმას, რომ ი. ო.-ე არ არის მათი ოჯახის წევრი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ზ. და თ. ო.-ებს არ წარმოუდგენიათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ნიშნავს, რომ საპროცესო მოქმედება არ შესრულებულა კანონის ნორმების დაცვით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. და თ. ო.-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.