საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-378-627-08 25 ივნისი, 2008წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ...-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს სარჩელი ...-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხე ...-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისრა 90530 ლარისა და 80 თეთრის გადახდა. მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნული გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის თანახმად, ჩამოყალიბდა დასაბუთების გარეშე.
2007 წლის 26 ნოემბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ...-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გ. ხ.-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ...-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გ. ხ.-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ...-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გ. ხ.-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა მათი წარმომადგენელი, რომელსაც გასაჩივრების უფლება არ ჰქონდა, ხოლო საქმეში არ მოიპოვება უნივერსიტეტისათვის გადაწყვეტილების ასლის, სსკ-ის 70-78 მუხლების მიხედვით, ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, შესაბამისად, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ...-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გ. ხ.-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო ან საკასაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ დროს მოქმედი 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის, ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გადაგზავნის დრო.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ...-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გ. ხ.-ს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ მიღებულია 2001 წლის 21 თებერვალს. სააპელაციო საჩივარი კი სასამართლოში შეტანილია 2007 წლის 26 ნოემბერს ანუ ექვსი წლის გასვლის შემდეგ. გადაწყვეტილების გამოტანისას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით სააპელაციო საჩივრის შეტანა შესაძლებელი იყო ერთი თვის განმავლობაში სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების საბოლოო ფორმით მიღების დღიდან.
...-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გ. ხ.- განმარტავს, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა მათი წარმომადგენელი, რომელსაც გასაჩივრების უფლება არ ჰქონდა, ხოლო საქმეში არ მოიპოვება უნივერსიტეტისათვის გადაწყვეტილების ასლის, სსკ-ის 70-78 მუხლების მიხედვით, ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, შესაბამისად, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება კანონიერ ძალაში შესულად. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალების მიხედვით დასტურდება, რომ გადაწყვეტილების შესახებ მხარემ ჯერ კიდევ 2001 წლის 27 ივნისს იცოდა და მას არ გამოუყენებია მისთვის კანონით მინიჭებული გასაჩივრების უფლება, კერძოდ, 2001 წლის 27 ივნისს ...-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა და მთავარმა იურისკონულტმა საქმის განმხილველ სასამართლოს მიმართეს განცხადებით გადაწყვეტილების აღსრულების გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ დაუფინანსებლობის გამო ვერ შეძლებდნენ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას. 2001 წლის 12 ივლისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, რომელიც კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოწინააღმდეგე მხარემ. თბილისის საოლქო სასამართლოში აღნიშულ კერძო საჩივარზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მონაწილეობას იღებდა უნივერსიტეტის წარმომადგენელი. აღნიშნულით დასტურდება, რომ მისთვის ცნობილი იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსი და ისიც, თუ რომელი გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების პროცესში იღებდა მონაწილეობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის განხილვაში მონაწილეობით აპელანტი დაეთანხმა სასამართლო გადაწყვეტილებას, მხოლოდ სადავოდ გახადა მისი აღსრულება.
გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით, 2001 წლის 28 მარტს ...-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩაჰბარდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება (ს.ფ. 56). ამასთან, საქმეში არსებობს ...-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისკონსულტის _ ლია დევდარიანის განცხადება სასამართლო სხდომის ოქმის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩაიბარა 2001 წლის 26 ივნისს (ს.ფ.58).
საკასაციო სასამართლოს აზრით, ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ...-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის რაიონული გადაწყვეტილების თაობაზე ადრევე იყო ცნობილი, თუმცა კანონით მინიჭებული გასაჩივრების უფლება კანონით დადგენილ ვადაში არ გამოუყენებია, რის გამოც მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ივ. ...-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გ. ხ.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.