ას-378-695-09 30 ივნისი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს „ა.“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ რ. ზ-შვილი, ლ. ჩ-ძე, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ს.“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინება
დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ა-მ“ მოპასუხეების _ რ. ზ-შვილის, ლ. ჩ-ძის, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ს-ს“, შ. ნ-უას, კ. ს-იას, გ. კ-შვილის, მ. პ-იასა და ნ. ქ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა რ. ზ-შვილისთვის, ლ. ჩ-ძისა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის „ა-თვის“ ... ქუჩა ¹45-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის განთავისუფლებული სამშენებლო მოედნისა და დამტკიცებული საპროექტო-საკადასტრო დოკუმენტაციის შპს „ა-სათვის“ გადაცემის დაკისრება, ასევე შ. ნ-უას, კ. ს-იას, გ. კ-შვილის, მ. პ-იასა და ნ. ქ-ძის გამოსახლება შპს „ა-ის“ მიერ გადაცემული ბინებიდან (ს.ფ. 21-23, ტ.I).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების შესახებ 2008 წლის 17 მარტის განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა დავის საგანი და მოითხოვა მოპასუხეებისაგან სამშენებლო მოედნისა და სათანადო საპროექტო-საკადასტრო დოკუმენტაციის გადმოცემა.
მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ მისი მოთხოვნა ემყარებოდა 2001 წლის 10 ივლისს შპს „ა-ასა“ და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ს-ს“ შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლის შესაბამისად, შპს „ა-ს“ უნდა აეშენებინა ... ქ.¹45-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ფართით 5300 კვ.მ და ამხანაგობის წევრებისათვის გადაეცა 1140 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, რაც მოსარჩელემ შეასრულა. 2001 წლის 6 აგვისტოს ... ქ.¹45-ში არსებული ტერიტორიის მეპატრონემ ლ. ჩ-ძემ ამხანაგობის სახელით, გარდა ზემოაღნიშნული 1140 კვ.მ ფართისა, შპს „ა-ს“ დამატებით სთხოვა 170 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, რომლის სანაცვლოდაც იგივე ფართი შპს „ა-ს“ გადაეცემოდა ლ. ჩ-ძის მფლობელობაში არსებული ტერიტორიიდან. იმავე პირობით, 2002 წლის 25 ივლისს შპს „ა-მ“ ლ. ჩ-ძეს გამოუყო 106,7 კვ.მ და 173 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. სულ ამხანაგობა „ს-მ“ შპს „ა-ის“ მიერ დამატებით მიიღო 450 კვ.მ საცხოვრებელი ფართი.
2004 წლის 3 აგვისტოს ამხანაგობა „ს-მ“ იკისრა ვალდებულება, რომ დამატებით გადაცემული 450 კვ.მ ფართის დაბრუნებას დაიწყებდა 2004 წლის 1 სექტემბრიდან, რაც არ შეუსრულებია. ამხანაგობამ, ასევე, იკისრა ვალდებულება, რომ გადაიხდიდა სამშენებლო ობიექტიდან აღებული მეტალის ღირებულებას, 4300 აშშ დოლარს და ნასესხებ თანხას - 1100 აშშ დოლარს და 750 ლარს, რაც ასევე არ შეუსრულებია (ს.ფ. 8-9, ტ.I).
მოპასუხე რ. ზ-შვილმა არ ცნო სარჩელი იმ საფუძვლით, რომ ის არ წარმოადგენდა ... ქუჩის ¹45-ში მდებარე სამშენებლო მოედნის მესაკუთრეს, არ გააჩნდა რაიმე დოკუმენტაცია მშენებლობის თაობაზე, შესაბამისად, მოსარჩელესთან ვერც დადებდა და არც დაუდია რაიმე ხელშეკრულება (ს.ფ. 60-68, ტ.I).
სარჩელი არ ცნო მოპასუხე ლ. ჩ-ძემ და აღნიშნა, რომ 2001 წლის 10 ივლისს დადებული ხელშეკრულება მოქმედებდა 2003 წლის 3 აგვისტომდე. მშენებლობა უნდა დაწყებულიყო 2001 წლის 1 აგვისტოს და უნდა დასრულებულიყო 2003 წლის 1 აგვისტოს. მოსარჩელემ დაარღვია აღნიშნული პირობა და არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროს. ამასთან, საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ 450 კვ.მ ფართი მოსარჩელემ გადასცა მოპასუხეებს (ს.ფ. 78-86, ტ.I).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 109-118, ტ.I).
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-მ“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, იმ მოტივით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან, არასწორად განმარტა იგი.
აპელანტის მითითებით, საქმეში არსებობდა ამხანაგობა „ს-ს“ თავმჯდომარისა და ამავე ამხანაგობის საინიციატივო ჯგუფის წევრის მიერ ხელმოწერილი გარიგება, რომლის ნამდვილობა და მოსარჩელის მიერ შესრულება დადასტურდა. აღნიშნული გარიგება სრულად პასუხობდა ხელშეკრულების დადებისათვის აუცილებელ პირობებს.
სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებად, ამასთან, არასწორი ინტერპრეტაცია მისცა მის არსს.
სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ ლ. ჩ-ძისა და რ. ზ-შვილის ხელწერილები არ წარმოშობენ მათთვის რაიმე ვალდებულებას, მით უმეტეს, აღნიშნული ვალდებულების არსებობა მხარეებმა პროცესზე დაადასტურეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის საოქმო განჩინებით მხარეთა მორიგების ხელშეწყობის მიზნით საქმის განხილვა გადაიდო 2009 წლის 23 თებერვალს.
2009 წლის 23 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი შპს „ა.“. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინებით შპს «ა-ის» სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო სხდომის ჩატარების თარიღისა და არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე. მიუხედავად ამისა, აპელანტი არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია სასამართლოსათვის. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეებმა უარი განაცხადეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე და მოითხოვეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და 2009 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინებით შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა (ს.ფ. 46-49, ტ.II).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ა-მ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო შპს «ა-ის» დირექტორ ზ. ნ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო. კერძოდ, ზ. ნ-ძეს აქვს შაქრიანი დიაბეტი. საქმის განხილვის დღეს ქუჩაში მიმავალი ზ. ნ-ძე გახდა შეუძლოდ, იგი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (ს.ფ. 56, ტ.II).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ა-ის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის საოქმო განჩინებით მხარეთა მორიგების ხელშეწყობის მიზნით საქმის განხილვა გადაიდო 2009 წლის 23 თებერვალს, 14.00 საათზე.
2009 წლის 23 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი შპს „ა.“. მას გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია.
საკასაციო სასამართლო შპს «ა-ის» სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიჩნევის შესახებ ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო შპს «ა-ის» დირექტორ ზ. ნ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით და რომ პროცესის დღეს იგი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორს არა აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია დირექტორის ავადმყოფობის და ამ მიზეზით სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი სწორად არის დატოვებული განუხილველად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს შპს «ა-ის» სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «ა-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.