ას-378-729-07 29 ივნისი 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ო. ბ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “-- -- -- (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 3 აგვისტოს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს “-- -- --” ლიკვიდატორმა ნ. ს-მ მოპასუხე ო. ბ-ს მიმართ, სადაც აღნიშნა, რომ 2001 წლის 16 აგვისტოს სს “-- -- --” და მოპასუხე ო. ბ-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹115/8, რომლის შესაბამისად ბანკმა მოპასუხეზე გასცა კრედიტი 4000 აშშ დოლარის ოდენობით 18 თვით, 2003 წლის 18 თებერვლამდე წლიური 24 %-ის დარიცხვით. მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა პირგასამტეხლო ფულადი დავალიანების თანხის წლიური 36%-ის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს დაეკისროს ო. ბ-ს ბანკის სასარგებლოდ 6661, 72 აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 4000 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი 856,88 აშშ დოლარი, ჯარიმა 804,84 აშშ დოლარი.
2004 წლის 3 აგვისტოს სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “-- -- --” ლიკვიდატორმა ნ. ს-მ მოპასუხე ო. ბ-ს მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე, სადაც აღნიშნა, რომ 2001 წლის 8 აგვისტოს ¹111 საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად ბაზიარის დავალიანებამ ბანკის მიმართ შეადგინა 1858,87 აშშ დოლარი, (საიდანაც ძირითადი თანხაა 1110,02 აშშ დოლარი, პროცენტი 525,51 აშშ დოლარი, ჯარიმა 223,34 აშშ დოლარი). მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხე ო. ბ-სათვის 1858,87 აშშ დოლარის დაკისრება.
2004 წლის 6 ოქტომბერს ზემოაღნიშნული საქმეები გაერთიანდა. მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხე ო. ბ-სათვის ბანკის სასარგებლოდ 5520,59 აშშ დოლარის დაკისრება.
2004 წლის 29 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე ო. ბ-ი რომელსაც უწყება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა გ. გ-მა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, რის საფუძველზეც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა.
2004 წლის 22 ნოემბერს მოპასუხე ო. ბ-ს წარმომადგენელმა მ. ჯ-მ საჩივრით მიმართა სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
2006 წლის 22 მაისს 11 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხე ო. ბ-ი და მისი წარმომადგენელი მ. ჯ-ე, რომლებსაც სასამართლო უწყება გაეგზავნათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლო სხდომის დღეს სასამართლოს კანცელარიაში წარმოდგენილი იქნა მოპასუხის წარმომადგენლის მ. ჯ-ის განცხადება, სადაც ითხოვს საქმის განხილვის გადადებას თავისი ავადმყოფობის გამო და მისი მარწმუნებლის მივლინებაში ყოფნის მიზეზით.
მოსარჩელე “-- -- --” წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მიღებული იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება სს “-- -- -- “ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ო. ბ-ს დაეკისრა სს “-- -- -- “ სასარგებლოდ 5520,59 (ხუთიატას ხუთას ოცი დოლარი და ორმოცდაცხრამეტი ცენტი) აშშ დოლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ბ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 აპრილის განჩინებით ო. ბ-ს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 მაისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა განუხილველი.
პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ო. ბ-ს სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2007 წლის 4 აპრილს 1630 საათზე, რის შესახებაც მხარეებს, მათ შორის, აპელანტ ო. ბ-სა და მის წარმომადგენელს მ. ჯ-ს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა სასამართლოს მიერ დანიშნულ დღეს ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.
პალატამ ასევე მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენლის მ. ჯ-ის მიერ წარმოდგენილი სს “... პოლიკნილიკის” ცნობა არ არის ხელმოწერილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და მასში პირდაპირ არ არის მითითებული მ. ჯ-ის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, რის გამოც მისი გამოუცხადებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ.
პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლო პროცესზე აპელანტ ო. ბ-ს გამოუცხადებლობა მისი მივლინებაში ყოფნის გამო, ასევე არ შეიძლება ჩაითვალოს საპატიო მიზეზად, ვინაიდან დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოცემული საქმის განხილვისას ორჯერ-2004 წლის 29 ოქტომბერსა და 2006 წლის 22 მაისს გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებები (ს.ფ.25-26,63). ორივე შემთხვევაში, აპელანტისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზი იყო მ. ჯ-ის ავადმყოფობა და ო. ბ-ს მივლინებაში ყოფნა (ს.ფ.33,34,59,60). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის ზეპირი განხილვისას 2007 წლის 14 მარტს დანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო იმავე მიზეზით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. ბ-მა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2007 წლის 4 აპრილს დანიშნული სხდომის დაწყებამდე მისმა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სხდომის გადადება, რადგან იგი იმყოფებოდა სამსახურებრივ მივლინებაში 2 დან- 8 აპრილის ჩათვლით, ხოლო მისი წარმომადგენელი იყო ავად, რის დამადასტურებლად მან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მე-11 პოლიკლინიკიდან წარმოადგინა ცნობა, სადაც მითითებული იყო, რომ ქონდა მაღალი სიცხე, თავის ტკივილი. ეს ის დროა, როცა ქალაქში გავრცელებული იყო ვირუსი, რომელიც ხასიათდებოდა 3-5 დღის განმავლობაში მაღალი სიცხეებით, საერთო სისუსტით, სამედიცინო ცნობა გაიცა სპეციალურ ქაღალდზე, სადაც ფორმა არ ითხოვს პოზიციის დაფიქსირებას, იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა ავადმყოფს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება. ეს არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსითაა გათვალისწინებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მიღებული იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება სს “-- -- --” სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ო. ბ-ს დაეკისრა სს “-- -- --” სასარგებლოდ 5520,59 (ხუთიატას ხუთას ოცი დოლარი და ორმოცდაცხრამეტი ცენტი) აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ბ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 აპრილის განჩინებით ო. ბ-ს სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დარჩა განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხავა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ იგი იმყოფებოდა სამსახურებრივ მივლინებაში, ხოლო მისი წარმომადგენელი მ. ჯ-ე იყო ავად, რომელმაც აღნიშნულის თაობაზე სხდომის დაწყებამდე აცნობა სასამართლოს, ხოლო სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა და არ გადადო სხდომა სხვა დროისათვის, ვინაიდან მ. ჯ-ის მიერ წარმოდგენილი სს “... პოლიკლინიკის” ცნობა არ არის ხელმოწერილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და მასში პირდაპირ არ არის მითითებული მ. ჯ-ის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, რის გამოც მისი გამოუცხადებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ, ხოლო ის გარემოებას, რომ ო. ბ-ი იმყოფებოდა სამსახუროებრივ მივლინებაში და მისი გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე ასევე უნდა ჩაითვალოს საპატიო მიზეზად, საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებას, ვინაიდან სწორედ აღნიშნული გარემოებების გამო პირველი ინსტანციის სასამართლოში მოცემული საქმის განხილვისას ორჯერ 2004 წლის 29 ოქტომბერსა და 2006 წლის 22 მაისს გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებები (ს.ფ.25-26,63) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2007 წლის 14 მარტს დანიშნული სასამართლო სხდომის განხილვაც გადაიდო ამავე მიზეზით, რაც მიუთითებს მხარის მიერ მიზანმიმართულად საქმის განხილვის გაჭიანურებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვებისა.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ო. ბ-ი და მისი წარმომადგენელი მ. ჯ-ე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ და შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ო. ბ-ს სააპელაციო საჩივარი განუხილველი დაეტოვებინა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ო. ბ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.