ას-379-628-08 19 მაისი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ე.გ-შვილი (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ლ.ნ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ.ს-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. . აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა, მემკვიდრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე.გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.ს-შვილის მიმართ მოპასუხისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის, მის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმების, ასევე მოსარჩელის ჯ.ს-შვილის სამკვიდროს მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მამკვიდრებელი იყო მოპასუხის მამა და მოსარჩელის დისშვილი. ვლ. ს-შვილი სისტემატურად არიდებდა თავს მამის მოვლა-პატრონობას, მაშინ, როცა ჯ.ს-შვილს პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ ჰქონდა და დაავადებული იყო ავთვისებიანი სიმსივნით, რის გამოც მუდმივად მკურნალობდა. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1311-1312-ე მუხლებზე დაყრდნობით მოპასუხეს მამის სამკვიდრო ქონების მემკვიდრეობის უფლება უნდა ჩამოერთვას და სადავო სამკვიდროს მესაკუთრედ ცნობილ იქნას ე. გ-შვილი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები დაუსაბუთებელია და რეალობას არ შეესაბამება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.. წ.16 იანვრის გადაწყვეტილებით ე.გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ.2 აპრილის განჩინებით ე.გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამავე პალატის 20.. წ. . მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა .. დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. ხარვეზის განჩინება გაეგზავნა როგორც თავად აპელანტს, ისე მის წარმომადგენლებს _ ლ.ნ-იძესა და შ.ქ-ძეს. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად, სასამართლო გზავნილები ჩაბარდათ 20.. წ... მარტს _ ლ.ნ-ძეს, 20.. წ. ..მარტს _ შ. ქ-ძის მეზობელს ადრესატისათვის გადასაცემად, .. მარტს კი თავად ე.გ-შვილს. ამავე წლის .. მარტს აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა უნდა აითვალოს ლ.ნ-ძისათვის ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარების მომენტიდან _ 20.. წ.18 მარტიდან და იგი იწურება 20.. წ.28 მარტს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 63-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შეტანილი დოკუმენტები კი უნდა დარჩეს განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე.გ-შვილის წარმომადგენელმა ლ.ნ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განჩინება ემყარება იმ გარემეობას, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ლ.ნ-ძეს ჩაბარდა 20.. წ. .. მარტს, რის საფუძვლად სასამართლო უთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ საფოსტო უწყებას, რომელზეც დასმული ხელმოწერა ფაქტობრივად ლ.ნ-ძეს არ ეკუთვნის. აღნიშნული შეიძლება დადასტურდეს საფოსტო უწყებასა და ჟურნალში ლ.ნ-ძის სახელით შესრულებულ ხელმოწერებზე გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარების შედეგად. ამდენად, სადავო გზავნილის ჩაბარებისას დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე პუნქტი, ვინაიდან იგი ადრესატს არ ჩაბარებია. ამასთან, საფოსტო უწყებაზე ლ.ნ-ძის ხელმოწერა მისი პირადობის მოწმობის მონაცემებითა და ფოსტის მუშაკის ხელმოწერით დადასტურებული არ არის. ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ლ.ნ-ძეს ჩაბარდა 20.. წ. .. მარტს მის მეზობლად მცხოვრები ფოსტის მუშაკი ნ. A-იასაგან, რა დროსაც სასამართლო გზავნილის ჩაბარების თარიღი კერძო საჩივრის ავტორს რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერით არ დაუფიქსირებია. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მიზანშეწონილია, მოწმედ დაიკითხოს ზემოხსენებული საფოსტო მუშაკი ნ.ადამია.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. . მარტის განჩინებით ე.გ-შვილის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს მიეცა 10-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად, აღნიშნული განჩინება 20.. წ. .. მარტს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ ლ.ნ-ძეს, 19 მარტს _ აპელანტის წარმომადგენელ შ.ქ-ძის მეზობელს ადრესატისათვის გადასაცემად, ხოლო 30 მარტს თავად ე.გ-შვილს. 20.. წ. .. მარტს აპელანტმა ხარვეზის შესავსებად წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.
სააპელაციო სასამართლომ აითვალა რა ხარვეზის გამოსასწორებლად აპელანტისათვის მიცემული ვადა 20.. წ. .. მარტიდან, 20.. წ. .. აპრილის განჩინებით ე.გ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე.გ-შვილის წარმომადგენელ ლ.ნ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან სხდომის ოქმში. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო როგორც საკასაციო, ისე კერძო საჩივრის განხილვისას მოკლებულია შესაძლებლობას, თავად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და მიიღოს ახალი მტკიცებულებები, მათ შორის, სადავო საკითხის გამოსაკვლევად დაკითხოს მოწმეები და დანიშნოს რაიმე სახის ექსპერტიზა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას საფოსტო უწყებაზე ლ.ნ-ძის ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად საფოსტო მუშაკის _ ნ.ა-იას მოწმედ დაკითხვისა და გრაფიკული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.
დაუსაბუთებელია მხარის მითითება, რომ საქმეში წარმოდგენილ საფოსტო შეტყობინებაზე, რომლითაც ლ.ნ-ძის მიერ სადავო სასამართლო გზავნილის ჩაბარება დასტურდება, ადრესატის ხელმოწერა გაყალბებულია და ლ.ნ-ძეს არ ეკუთვნის, ვინაიდან აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არ დაუდასტურებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, ადრესატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარის ან მისი წარმომადგენლის მიერ სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის მიღებისას უნდა დაფიქსირდეს მათი ადრესატისათვის ჩაბარების ზუსტი თარიღი. აღნიშნული დანაწესი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კანონით განსაზღვრული ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის ათვლისას. განსახილველ შემთხვევაში, ლ.ნ-ძის განმარტებით, მან სააპელაციო სასამართლოს გზავნილი მიიღო მეზობლად მცხოვრები ფოსტის მუშაკისაგან, რა დროსაც მისი ჩაბარების დასადასტურებლად რაიმე დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და, შესაბამისად, არც ჩაბარების თარიღი არ მიუთითებია. აღნიშნული განმარტების გაზიარების შემთხვევაშიც ცხადია, რომ წარმომადგენელს უწყების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა ზემოხსენებული ნორმის მოთხოვნა და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, წარმომადგენელს გზავნილის ჩამბარებლისაგან უნდა მოეთხოვა მისი მეორე ეგზემპლარის წარდგენა. ასეთი მოქმედების განუხორციელებლობა მხარეს პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს და ითვლება, რომ სადავო სასამართლო გზავნილი მხარეს კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას იმის შესახებ, რომ აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად მიცემული 10-დღიანი ვადა უნდა აითვალოს 20.. წ. .. მარტიდან, ანუ იმ მომენტიდან, როდესაც ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლოს განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ ლ.ნ-ძეს და აღნიშნული ვადა ამოიწურა ამავე წლის .. მარტს.
ამდენად, საფუძვლიანია გასაჩივრებული განჩინების მითითება, რომ ე.გ-შვილს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი დროულად არ გამოუსწორებია, ვინაიდან სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის ქვითარი წარუდგინა .. მარტს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ვადის დარღვევით შეტანილი დოკუმენტების განუხილველად დატოვების საფუძველია.
“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ე.გ-შვილს უნდა დაუბრუნდეს თამარ მოსემღვდლიშვილის მიერ (შემდეგ ანგარიშზე: საიდენტიფიკაციო კოდი ¹........., ანგარიში ¹........., ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი ¹........., ბანკის ¹........., გადახდის დანიშნულება: სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე) 20.. წ. .. მარტს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 320 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე.გ-შვილის წარმომადგენელ ლ.ნ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.
ე.გ-შვილს დაუბრუნდეს თამარ მოსემღვდლიშვილის მიერ (შემდეგ ანგარიშზე: საიდენტიფიკაციო კოდი ¹206160606, ანგარიში ¹........., ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი ¹........., ბანკის ¹........., გადახდის დანიშნულება: სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე) 20.. წ. . მარტს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 320 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.