Facebook Twitter

¹ას-379-730-07 18 ივნისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჰ. გ-ი (მოსარჩელე)

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 30 იანვარს ჰ. გ-მა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მ. მ-ს მიმართ და მიუთითა, რომ იგი 2000 წლიდან 2005 წლის 15 დეკემბრამდე იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ახალქალაქის რაიონის სოფელ ... მცხოვრებ მ. მ-თან. ერთად ცხოვრების პერიოდში 2001 წლის 2 დეკემბერს მათ შეეძინათ ქალიშვილი ს. მ-ი. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით მხარეები განქორწინდნენ. ამავე გადაწყვეტილებით მცირეწლოვან ს. მ-ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა ბავშვის დედის საცხოვრებელი ადგილი და იგი ამჟამად ცხოვრობს მასთან ქ. ახალქალაქში. განქორწინებიდან დღემდე მოპასუხე არ ეხმარება მას არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი შეპირდა, რომ ბავშვს დაეხმარებოდა მატერიალურად. მოსარჩელე სარჩელში ასევე მიუთითებს, რომ მოპასუხესთან ერთად ცხოვრების დროს, მოპასუხის ბრალით იგი დაავადდა და გახდა მეორე ჯგუფის ინვალიდი. მას მატერიალურად ძალიან უჭირს შვილის აღზრდა, ყოფილი მეუღლე კი საერთოდ არ ეხმარება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, მოპასუხეს მის სასარგებლოდ სარჩოს სახით ყოველთვიურად დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ჰ. გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ. მ-ს მცირეწლოვანი შვილის 2001 წლის 2 დეკემბერს დაბადებულის ს. მ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 40 ლარის გადახდა; მ. მ-ს ალიმენტის გადახდა დაეკისრა 2007 წლის 30 იანვრიდან, მოსარჩელის მიერ სარჩელის შემოტანის დღიდან.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინებით მ. მ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხულველად დაუშვებლობის გამო.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. მ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინებით მ. მ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. მ-ს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. მ-ს კერძო საჩივრის დასაშვებობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინებით მ. მ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 46-47). მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე მ. მ-ს გაეგზავნა 2007 წლის 23 მაისს (ს.ფ. 48), რაც კერძო საჩივრის ავტორს პირადად ჩაჰბარდათ 2007 წლის 25 მაისს (ს.ფ. 49). კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 5 ივნისის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში ეს ნორმა ვრცელდება კერძო საჩივარზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. მ-ს კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. მ-ს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.