Facebook Twitter

¹ას-380-697-09 20 მაისი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე რ. ნადირიანი

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბ. ქ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის საოქმო განჩინებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მაისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი ბ. ქ-ძეს მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესის მიხედვით.

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 4 მაისის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2009 წლის 13 მაისს (ს.ფ.75), ხოლო განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი შემოიტანა 2009 წლის 19 მაისს (ს.ფ.76-78), ე.ი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. ქ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.