Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-38-323-08 10 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის დაცვის პოლიციის განყოფილება (ძირითად სარჩელში _ მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „.. ..” (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში _ მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის დაცვის პოლიციის განყოფილებამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „.. ..-ის“ მიმართ დავალიანების _ 6941 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2001 წლის 1 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის დაცვის პოლიციამ ვალდებულება იკისრა, უზრუნველეყო შპს „.. ..-ს“ ტერიტორიაზე სადგომში გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების დაცვა. აღნიშნულის სანაცვლოდ, მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა გაწეული მომსახურების ღირებულება _ 1190 ლარი. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც დაუგროვდა დავალიანება 6941 ლარის ოდენობით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების შესახებ იმ დასაბუთებით, რომ დაცვის პოლიცია ნაკისრ ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებდა და ამით შპს “.. ..-ს” მიაყენა მატერიალური ზიანი _ 6000 ლარის ოდენობით და შეულახა საქმიანი რეპუტაცია, რისთვისაც უნდა დაეკისროს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 10000 ლარის ოდენობით.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით როგორც ძირითადი, ისე შეგებებული სარჩელები არ დაკმაყოფილდა, რაც დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 10 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 277,60 ლარის გადასახდელად. ხარვეზის განჩინება მხარეს 2007 წლის 24 სექტემბერს ჩაბარდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის დაცვის პოლიციის განყოფილების წარმომადგენელ დავით ლომინაშვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაიბარა რა 2007 წლის 24 სექტემბერს, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის დაცვის პოლიციის განყოფილებამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად: გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინება მხარეს ჩაბარდა ამავე წლის 24 სექტემბერს და ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, ბაჟის გადასახდელად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა. 2007 წლის 1 ოქტომბერს ¹3308 საგადასახადო დავალებით აპელანტმა გადარიცხა სახელმწიფო ბაჟი 277,60 ლარის ოდენობით, რითაც ხარვეზი გამოასწორა.

უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინებით აპელანტ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის დაცვის პოლიციის განყოფილებას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღეში სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

2007 წლის 1 ოქტომბრის ¹3308 საგადასახადო დავალიანების თანახმად, აპელანტმა სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხა 277,60 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის დაცვის პოლიციის განყოფილების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო თავისი განჩინებით ზუსტად განუსაზღვრავს აპელანტს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელთა განხორციელებაც მოცემული ხარვეზის გამოსასწორებლად აუცილებელია და აღნიშნულისათვის უდგენს გარკვეულ ვადას.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინებით აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო გადახდის ქვითრის სასამართლოში წარმოდგენის აუცილებლობის თაობაზე სასამართლოს არ მიუთითებია. აღნიშნული ვადა ამოიწურა 2007 წლის 5 ოქტომბერს. საქმის მასალებით წარმოდგენილი საგადასახადო დავალებით კი დასტურდება, რომ აპელანტმა შესაბამისი თანხა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში _ 1 ოქტომბერს გადაიხადა, მაგრამ იგი სასამართლოში არ წარუდგენია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინება არ შეიცავდა რა მითითებას იმის შესახებ, რომ მხარეს სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი სასამართლოში უნდა წარმოედგინა, უსაფუძვლოა გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ მხარემ სასამართლოს მოთხოვნა დროულად არ შეასრულა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის დაცვის პოლიციის განყოფილების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.