Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-383-632-08 25 ივნისი, 2008წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. მ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – შ. მ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის განჩინება

დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შ. მ-შვილს ნ. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 20000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, შ. მ-შვილის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2007 წლის 27 დეკემბერს ნ. მ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტება იმგვარად, რომ შ. მ-შვილს დაკისრებოდა ნ. მ-შვილის სასარგებლოდ გადაწყვეტილებაში აღნიშნული 20000 აშშ დოლარის გადახდა ვალის აღიარების დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად, კერძოდ, 40000 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინებით ნ. მ-შვილის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

პალატის აზრით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ იყო ბუნდოვანი, ხოლო გადაწყვეტილების იმგვარად განმარტება, როგორც ამას განმცხადებელი ითხოვდა, გამოიწვევდა გადაწყვეტილების შეცვლას, შესაბამისად, განცხადება მიიჩნია უსაფუძვლოდ.

აღნიშნული განჩინება კერძოO საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი განჩინების გამოტანით გადაწყვეტილების იმგვარად განმარტება, რომ გადაწყვეტილებაში ჩაწერილი და შ. მ-შვილისათვის დაკისრებული 20000 აშშ დოლარი გულისხმობდეს შ. მ-შვილის მიერ ნოტარიულად დადასტურებული სესხის ხელწერილში აღნიშნული 20000 აშშ დოლარის შესაბამისი ეროვნული ვალუტის _ 40000 ლარის გადახდევინებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ნ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

განსახილველ შემთხევაში დადგენილია, რომ ნ. მ-შვილის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა შ. მ-შვილისათვის 20000 აშშ დოლარის დაკისრება, რაც დაკმაყოფილდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით და შ. მ-შვილს მის სასარგებლოდ დაეკისრა 20000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს არ დაუდგენია, რომ 20000 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა მომხდარიყო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის არსებული კურსით, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ მითითებული თანხის გადახდა უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისათვის არსებული კურსით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანი არ არის და განმარტებას არ საჭიროებს, ვინაიდან გადაწყვეტილების იმგვარად განმარტება, როგორსაც განმცხადებელი ითხოვს, გამოიწვევს გადაწყვეტილების შეცვლას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.