¹ას-386-781-06 8 თებერვალი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ. დ-ეE (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ .. .. ..” (მოპასუხე)
დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ვ. დ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს აჭარის ... სამინისტროსა და შპს “ .. .. ..” მიმართ და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1977 წელს ქ.ბათუმში, თავის კუთვნილ ბინაში დაიდგა ტელეფონი, ნომრით ... . იგი ყოველთვიურად, როგორც კეთილსინდისიერი აბონენტი იხდიდა გადასახადს. 2003 წლის აგვისტოში, ტელეფონი გაუთიშეს იმ მიზეზით, რომ ძველ კაბელს ცვლიდნენ ახლით. ერთი თვის შემდეგ უთხრეს, რომ ფირმა “ .. .. ..” 2-იან ინდექსს ცვლის სამიანით და ითხოვენ 200 ლარს.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ 2003 წლის სექტემბერში მიმართა ქ.ბათუმის ... – გ. ა-ს თხოვნით, რომ, როგორც ინვალიდისთვის, შეენარჩუნებინათ მისთვის წინანდელი ნომერი ან დაეკლოთ ფასი. ბათუმის ... განცხადება ... სამინისტროს გადაუგზავნა, მან კი, თავის მხრივ, შპს “ .. .. ..”. 2003 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული შპს “ .. .. ..” არაერთხელ მიმართა თხოვნით, რომ აღედგინათ მისი ძველი ნომერი ან ჩაერთოთ ახალი, სადაც ისევ 200 ლარი მოსთხოვეს. შემდგომ, მიმართა ქ.ბათუმის ... საამქროს, სადაც აცნობეს, რომ ძველი ნომრის 2-იანი ინდექსით აღდგენა შეუძლებელია, რადგან მისი უბანი 3-იანის გადართვის ზონაშია მოქცეული და გადართვის თაობაზე კი შპს “ .. .. ..” დირექტორს უნდა მიმართოს. შპს “ .. .. ..” არც ერთ განცხადებაზე პასუხს არ აძლევდა. 2004 წლის 21 ივნისს, ჩაურთეს ტელეფონი ნომრით ... . ყოველივე ამის გამო მისი ჯანმრთელობა გაუარესდა, გადაიტანა დიდი სულიერი ტანჯვა და მიიღო მორალური ზიანი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. დ-ის სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო (სფ.41).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. დ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. დ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება (სფ.112). ვ. დ-ის სარჩელი შპს “ა. ე-ის” მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. შპს “ .. .. ..” მიმართ შეწყდა საქმის წარმოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძვლით.
ვ. დ-მ კერძო საჩივარი შეიტანა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საქმის შეწყვეტის ნაწილში. (სფ. 126).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 22 ივნისის განჩინებით ვ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიზავნა უზენაეს სასამართლოში (სფ.144).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ვ. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით შეწყდა მოცემული საქმის წარმოება იმის გამო, რომ არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება მოსარჩელე ვ. დ-სა და მოპასუხე შპს “ .. .. ..” შორის მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში ყურადღებას არ ამხვილებს საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის საგანი ეს არის მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც მიმართულია მოპასუხის მოქმედების შესრულებაზე ან შესრულებისაგან თავის შეკავებაზე. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მორალური ზიანი, რაც მოსარჩელის აზრით, უნდა აანაზღაუროს მოპასუხემ. სარჩელის საფუძველი კი არის ის გარემოებები, რაზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში ვ. დ-ე მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მას მოპასუხის მოქმედებით მიადგა სულიერი ტანჯვა.
ვინაიდან არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, ანუ ვ. დ-სა და შპს “ .. .. ..” შორის, იმავე საგანზე მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ და იმავე საფუძვლით, ანუ ვ. დ-ის მითითებით შპს “ .. .. ..” ქმედებების გამო მიადგა სულიერი ტანჯვა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში კანონის დაცვით შეწყვიტა ამ ნაწილში საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტის ნაწილში.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.