Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№159აპ-17 ქ. თბილისი

ბ. დ-თ, 159აპ-17 15 სექტემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დ. ბ., –ნასამართლობის არმქონე – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა,“ „გ“ ქვეპუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დ. ბ-ას მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა. დ. ბ-ას მიმართ სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 12 თებერვლიდან. დ. ბ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

2016 წლის 10 თებერვალს, დილით, ზ-ის რაიონის სოფელ ხ-ში დ. ბ-ამ მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, ანგარებით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩაიდინა მ. ა-ის, გ. ფ-სა და პ. ჩ-ის განზრახ მკვლელობა და დაეუფლა პ. ჩ-ის კუთვნილ 1920 ლარსა და 10 აშშ დოლარს.

2010 წლის 12 იანვარს დ. ბ-ამ დაირეგისტრირა ცეცხლსასროლი იარაღი MAKAROV PM, ნომრით -. აღნიშნულის შემდეგ განიზრახა, მართლსაწინააღმდეგოდ შეენახა და ეტარებინა ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი. ამ მიზნით 2013 წლის 16 აპრილს სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა განცხადებით მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის MAKAROV PM, ნომრით -, გაურკვეველ ვითარებაში დაკარგვის თაობაზე. მისი განცხადების საფუძველზე მოცემული იარაღი 2013 წლის 12 ივლისიდან შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ იძებნებოდა და ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან. ამდენად, დ. ბ. უკანონოდ ინახავდა MAKAROV PM, ნომრით -, ცეცხლსასროლ იარაღს და ამ ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილ 9 მმ კალიბრიან ვაზნებს.

2016 წლის 12 თებერვალს დ. ბ. ზ-ის რაიონის სოფელ ხ-ის ტერიტორიაზე უკანონოდ ატარებდა MAKAROV PM სისტემის, ნომრით -, ცეცხლსასროლ იარაღს და ვაზნებს, რომლის გამოყენებითაც ჩაიდინა მ. ა-ის, გ. ფ-სა და პ. ჩ-ის მკვლელობა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 თებერვლის განაჩენის გაუქმებასა და დ. ბ-ას გამართლებას იმ მოტივით, რომ დ. ბ. პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ჩასვეს პოლიციის სატვირთო მანქანაში. მისთვის გამოძიებაში გამოცხადების თაობაზე უწყება არავის ჩაუბარებია. დაკავებისას მან სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო, ხოლო თავის არეში კანი გაუსკდა, რაც აისახა დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის სამედიცინო დათვალიერების ჟურნალში. დ. ბ-ას სხვისი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა არ აკრძალვია. აღნიშნული იარაღი მას ეკუთვნოდა, რომელიც დაკარგა. კასატორის მოსაზრებით, შემთხვევის ადგილი სათანადოდ დაცული არ ყოფილა. იგი არ შემოუსაზღვრავთ და არ დაუცავთ. ავტომანქანიდან ამოღებულ კვალთან დაკავშირებით კასატორი განმარტავს, რომ იგი აწ გარდაცვლილის ავტომანქანაში შემთხვევამდე იჯდა და საუბრისას სიგარეტიც ითხოვა.

6. მასრაზე დარჩენილი დნმ-თან (ბიოლოგიური ნათესავის) დაკავშირებით კასატორი განმარტავს, რომ ექსპერტის მითითებით, დნმ-ის კვალი საგანზე შეიძლება სამი წლის განმავლობაში დარჩეს. ცნობილია, რომ მან სწორედ სამი წლის წინ დაკარგა იარაღი. მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს მხოლოდ ირიბი სახის მოწმეთა ჩვენებები დაედო საფუძვლად. სასამართლოში ვერ დადასტურდა დ. ბ-ას ანგარებით მოქმედება. მსჯავრდებულს გარდაცვლილებთან არანაირი სამსახურებრივი თუ კერძო ბიზნესინტერესები არ ჰქონია. მას ზოგადი ნაცნობობაც კი არ აკავშირებდა მათთან. კასატორი ცალსახად არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 9 თებერვალს ზარი მისი კუთვნილი მობილური ტელეფონიდან განხორციელდა, მაგრამ ამ ზარის ინიციატორი თავად არ ყოფილა, არამედ იგი სხვა პირმა დარეკა.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით (მათ შორის სააპელაციო წესით განხილვისას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებით) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება დ. ბ-ას მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. სააპელაციო პალატამ მიღებულ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ მოტივებზე, რის გამოც არ გაიზიარა დ. ბ-ას ჩვენება და ამასთან, მიუთითა იმ მტკიცებულებებზეც, რომელთა გამოყენებითაც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი თანხვედრა ერთმანეთთან სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე