Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№135აპ-17 ქ. თბილისი

ჭ. გ-ი, 135აპ-17 8 სექტემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველის ადვოკატ გ. მ-სა და კახეთის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ნატო ბურთიკაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის განაჩენით გ. ჭ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე. გ. ჭ., –ნასამართლობის არმქონე – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. გ. ჭ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 29 აგვისტოდან. გ. ჭ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

2015 წლის 28 აგვისტოს თ-ის რაიონის სოფელ ჯ-ში არსებულ უ. ჭ-ის საოჯახო მარანში ქეიფობდნენ უ. ჭ., გ. ძ., დ. ძ., ზ. ძ., ზ. ჯ. და ზ. ზ.. სუფრის მსვლელობის დროს, დაახლოებით 20:00 საათზე, გ. ძ. თავის მცირეწლოვან ძმისშვილთან - ე. ძ-თან ერთად გავიდა მარნის ეზოდან და შევიდა იქვე, საავტომობილო გზის მოპირდაპირედ არსებულ სოფელ ჯ-ის სკვერში, სადაც გ. ძ. შეეკამათა იქვე მყოფ გ. ჭ-ს და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს. ჩხუბის შემდეგ გ. ძ. მარანში დაბრუნდა, ხოლო გ. ჭ-მა გ. ვ-ის ეზოში, წყალთან, მოიბანა სახე და თავისი მობილური ტელეფონით --- დაურეკა უ. ჭ-ს ტელეფონის ნომერზე --- და უთხრა, რომ მის სტუმართან - გ. ძ-თან იჩხუბა. უ. ჭ. შეეცადა გ. ჭ-ის დამშვიდებას და სთხოვა ეს საკითხი, მეორე დღეს გაერკვიათ, მაგრამ უშედეგოდ. უ. ჭ-ის სატელეფონო საუბარი მოისმინეს სუფრასთან მყოფმა დ. ძ-ემ, ზ. ძ-ემ, ზ. ჯ-ემ და ზ. ზ-მა, რომლებმაც გ. ძ-ეს ჰკითხეს, თუ რა მოხდა. გ. ძ-ემ უთხრა, რომ შეეკამათა და ეჩხუბა გზაზე მყოფ პირებს. ამავე დროს მათ გზიდან გაიგეს გ. ჭ-ის ხმა, რომელიც ითხოვდა გ. ძ-ის გზაზე გასვლას. ამის გაგებაზე, გ. ძ., დ. ძ., ზ. ძ., ზ. ჯ., ზ. ზ. და უ. ჭ. გზაზე გავიდნენ, სადაც გ. ძ-ემ, დ. ძ-ემ, ზ. ძ-ემ და ზ. ზ-მა გ. ჭ-ს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო უ. ჭ. ცდილობდა მათ გაშველებას. გ. ვ-მა კი შემთხვევის ადგილი დატოვა. გ. ჭ-მა თავისი ავტომანქანის სალონში არსებული მცირე საბარგულიდან დანა ამოიღო. ეს დაინახა უ. ჭ-მა, რომელიც შეეცადა მის გაჩერებას, მაგრამ გ. ჭ. მას ხელიდან დაუსხლტა, ავტომანქანას შემოუარა წინა მხრიდან და ზ. ზ-ს, რომელიც იდგა ავტომანქანის უკანა, მარცხენა მხარეს, მუცლის არეში დანა დაარტყა, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება და გაიქცა. შემთხვევის ადგილზე, სიტუაციაში გარკვევის მიზნით, მივიდა გ. ჭ-ის მამა ტ. ჭ., რომელსაც გ. ძ-ემ, დ. ძ-ემ და ზ. ძ-ემ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 თებერვლის განაჩენის გაუქმებასა და გ. ჭ-ის გამართლებას იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატამ, პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჭ-მა ზ. ზ. დაჭრა შემთხვევის ადგილზე ტ. ჭ-ის მისვლამდე და ტ. ჭ-თან ჩხუბის დროს გ. ჭ. შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. უ. ჭ-ის, დ., გ. და ზ. ძ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ არც ერთ მათგანს არ დაუნახავს, დაარტყა თუ არა გ. ჭ-მა ზ. ზ-ს დანა. სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ შეაფასა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ბრალდების მხარემ ვერ ახსნა, საიდან აქვს ზ. ზ-ის ტანსაცმელს მითითებული დაზიანებები. აგრეთვე არ შეფასებულა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ნ. კ-ის ჩვენება, რომლის თანახმადაც, ხისტარიან დანაზე დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. გ. ჭ-ს არავის დაჭრის განზრახვა არ ჰქონია, მაგრამ თუ ზ. ზ. მართლაც მან დაჭრა, ეს აუცილებლად მოხდა იმ დროს, როდესაც გ. ჭ. მამის საშველად შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა. ამ მომენტში მას მხოლოდ თავისა და მამის გადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებდა, რაც საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლით მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებად მიიჩნევა.

6. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. ჭ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სანქციის ფარგლებში სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად საკმარისია გ. ჭ-ის განზრახვის დასადგენად, კერძოდ, რომ მან ზ. ზ-ს მოკვლის მიზნით დაარტყა დანა მუცლის არეში და დაუზიანა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები. მიზეზობრივი კავშირი რომ ვერც დაედგინა სასამართლოს ქმედებასა და შედეგს შორის, ის ქმედება რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, საკმარისი იყო 19.108-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში არსებული კვალიფიკაცია არასწორია. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია გ. ჭ-ის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დამნაშავედ ცნობისათვის.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და სისხლის სამართლის საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო პალატამ მიღებულ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ მოტივებზე, რის გამოც მან ჩათვალა, რომ მიზეზობრივი კავშირი მძიმე დაზიანებასა და სიკვდილს შორის უტყუარად არ დასტურდებოდა. აგრეთვე დაუდასტურებელია გ. ჭ-ის მიერ ზ. ზ-ის მიმართ მოკვლის განზრახვით დანის დარტყმის ფაქტი (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №227აპ-16 ). ამდენად, ბრალდების მხარის პოზიცია, რომ გ. ჭ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება გ. ჭ-ის უდანაშაულობისა და მის მიერ საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლით დადგენილი წესით აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედების ფაქტი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამომდინარეობს საქმეში არსებული ყოველი ფაქტობრივი გარემოებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილი და ობიექტური შეფასებიდან.

9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველის ადვოკატ გ. მ-სა და კახეთის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ნატო ბურთიკაშვილის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე